არჩევნები 2021

"ერთი მანდატი სიტუაციას ცვლის" – დროა თბილისში უბნების ხელახალ გადათვლას ითხოვს

პარტია დროა თბილისში ყველა უბნის ხელახლა გადათვლას ითხოვს. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ისაუბრა. 

ელენე ხოშტარიას თქმით, დღეის მდგომარეობით, ის საკითხი, თუ ვის ეკუთვნის უმრავლესობა თბილისის საკრებულოში, ქართულ ოცნებასა, თუ ოპოზიციას, ერთ მანდატზე გადის. პოლიტიკოსის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე გაყალბებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ მიიტაცოს მოქალაქეების ნება და გაიფორმოს უმრავლესობა, რომელიც მას არ ეკუთვნის. 

"ამ ვითარებაში პარტია ლელოს იმისათვის, რომ მიიღოს დამატებით ერთი მანდატი და გაიყვანოს მეორე ადამიანი საკრებულოში, აკლია 0.6%. გირჩი - მეტი თავისუფლებას მეორე მანდატისთის სჭირდება 0.7%. დროას იმისათვის, რომ გაიყვანოს ერთი ადამიანი საკრებულოში, სჭირდება 0.3%. ანუ ჩვენ გვაქვს საუბარი ძალიან ცოტა ხმაზე, რაც წყვეტს თბილისის ბედს". – ამბობს ელენე ხოშტარია. 

დროას ლიდერმა და ოთხი ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატმა მიმოიხილა ის სურათი, რაც მათ იხილეს ზოგიერთ უბანზე ხმების გადათვლის შედეგად. ელენე ხოშტარიას თქმით, ერთ-ერთ ოლქში პირდაპირ იყო გადახაზული მონაცემები და ცესკოზე ატვირთული, თუმცა, მისი მტკიცეთ ეს ოქმი მოიპარეს გააქრეს, საიტზე კი მექანიკურად შეცვალეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. 

"ჩვენ არ გვაქვს ჯერ ყველა უბნის სრული სურათი, მაგრამ ვაკის #72 უბანზე დროას სადაც ეწერა 0, აღმოაჩნდა 20 ხმა. საბურთალოს #88 უბანზე, სადაც ეწერა 1 აღმოაჩნდა, 18 ხმა, იგივე უბანზე გირჩს მოემატა 2 ხმა და სხვა უბანზე - 6. საბურთალოს მე-17 უბანზე ლელოს ეწერა 9 ხმა და აღმოაჩნდა 115 ხმა. 115 ხმა იყო გადაგდებული, მოპარული ქართული ოცნების და ცესკოს მხრიდან. ეს არა თუ ერთ მანდატს ნიშნავს, არამედ კარდინალურად ცვლის თბილისში სურათს.

საქართველოში ლოტოტრონით გადათვლის შედეგად, უბნების 34%-ში შეიცვალა სურათი. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გადავთვლით თბილისში უბნებს, რადიკალურად შეიცვლება პოლიტიკური სურათი იმიტომ, რომ ჩვენ მეორე ტურებში გავალთ საკრებულოში ოპოზიციის უმრავლესობით.

გუშინ ლოტოტრონის პრინციპით, ისნის საოლქოში უნდა გადათვლილიყო უბნები, მაგრამ გადაითვალეს მხოლოდ სიები და არა ბიულეტენები, რაც არის აბსოლუტურად არასწორი, არ ასახავს რეალობას და ვერ გამოასწორებს სურათს. ამიტომ, ჩვენ გვაქვს სრული თანამშრომლობა ყველა პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც იმავეს ითხოვენ. გვაქვს კომუნიკაცია დამკვირვებლებთან, დღეს გვაქვს შეხვედრა ევროკავშირთან. ყველა ოპოზიციური პარტიის მთავარი ამოცანაა, მოვითხოვოთ და მივაღწიოთ თბილისში უბნების გადათვლას, რაც საჩივრებით ოპოზიციურ პარტიებს სრულიად დასაბუთებული გვაქვს. მხოლოდ დროამ შეიტანა 200-ზე მეტი საჩივარი უბნების გადათვლაზე. ამიტომ, ყველა უნდა გავერთიანდეთ და მივაღწიოთ თბილისში ხმების გადათვლას, რაც მოგვიტანს გარდამტეხ სურათს დედაქალაქში". – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, თბილისის საკრებულოში სულ 5 პარტია შედის. ქართულ ოცნებას 40.3% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას  27.97%, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის  8.85, ლელოს 3.63%, გირჩი - მეტი თავისუფლებას – 3.3%, ხალხისთვის – 2.57%.

მაჟორიტარებს შორის თბილისში მეორე ტურში მხოლოდ ერთი კანდიდატი, ბორის (ჩელე) ყურუა გადავიდა, რომელიც კენჭს საბურთალოს ოლქში გირჩი - მეტი თავისუფლების სახელით იყრის. 

კომენტარები