არჩევნები 2021

კორძაია: თბილისში 759 ოქმიდან 306-ში დისბალანსია – გასაჩივრებულია 478 უბნის შედეგი

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თამარ კორძაიას თქმით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შედგენილი თბილისის მერობის 759 შემაჯამებელი ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება. პროპორციულ ნაწილში კი დისბალანსია 323 შემაჯამებელ ოქმებს. კორძაიას თქმით ქვეყნის მასშტაბით გასაჩივრებულია 478 უბნის შედეგი.

"პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 91 საჩივარი, მაგრამ ამ 91 საჩივრით გასაჩივრებულია და მოთხოვნილია შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხელახლა გადათვლა 539 შემთხვევაში. გასაჩივრებულია, დაახლოებით, 478 უბნის შედეგი. ხაზს ვუსვამ, შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრება უბნის შედეგის გასაჩივრებაზე მეტი იმიტომა არის, რომ ამ არჩევნებზე სხვადასხვა სახის შემაჯამებელი ოქმები დგებოდა – მერობის, პროპორციული და მაჟორიტარული. 19 შემთხვევაში უშუალოდ არჩევნების დღესთან დაკავშირებით შეტანილია დისციპლინური საჩივრები, ასევე 9 საჩივარი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე პროკურატურაში. ამდენად, შევახსენებ ქართულ ოცნებას, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარებულა და ამაზე მეტყველებს ჩვენ მიერ შეტანილი საჩივრები". – თქვა თამარ კორძაიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ეროვნული პროპორციული შედეგების თანახმად, ქართულმა ოცნებამ ხმების 46.74% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 30.68%, პარტიას საქართველოსთვის – 7.79%.

არჩევნების მეორე ტური 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და ფოთში გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები