რუსეთი

რუსეთში უფლებადამცველებმა ციხეებში პატიმართა წამების ჩანაწერების "საიდუმლო არქივი" მიიღეს

Сергей Бобылев / ТАСС

რუსეთში უფლებადამცველთა ჯგუფმა Gulagu.net კოლონიებში პატიმრების წამების და გაუპატიურების ამსახველი ჩანაწერების არქივი მიიღო. ჯგუფმა სამი პატიმრის გაუპატიურების ვიდეოები გაავრცელა. 

ჯგუფის დამფუძნებლის ვლადიმირ ოსეჩკინის თქმით, "სპეცსამსახურების საიდუმლო არქივი" უფლებადამცველებს გადასცა პროგრამისტმა, რომელსაც პატიმრობის 5 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის კომპიუტერებთან ჰქონდა წვდომა. გასულ თვეს Gulagu.net-მა გამოაქვეყნა 5 ფოტოსურათი, რომელზეც სარატობის ოლქის საპატიმროს საავადმყოფოში სამ პატიმარზე სექსუალური ძალადობაა ასახული.

ოსეჩკინის თქმით, პატიმრებზე ძალადობდნენ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის საიდუმლო აგენტები. წამებას კი სამსახურეობრივ ვიდეორეგისტრატორებზე იღებდნენ. ოსეჩკინი ამბობს, რომ უფლებადამცველებს აქვთ მტკიცებულებები, რომ წამებასთან დაკავშირებული არიან სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მთავარი ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლები და სასჯელაღსრულების თანამშრომლები ირკუცკის, სარატოვის და ვლადიმიროვის ოლქებში. ამ მტკიცებულებების გამოქვეყნებას Gulagu.net-რამდენიმე ეტაპად გეგმავს.

სექტემბერში საავადმყოფოში პატიმრების წამების ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო.

"ინფორმაციის ნამდვილობის შესამოწმებლად სარატოვის ოლქში სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ცენტრალური აპარატის თანამშრომლების ჯგუფი გაგზავნა" - უთხრა სასჯელაღსრულების ფედერალური სამმართველოს პრესსამსახურმა გამოცემა ინტერფასს

შემოწმება დაიწყო გენერალურმა პროკურატურამაც. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, ჯერ ყველაფერი უნდა შემოწმდეს.

"იმ შემთხვევაში თუ მასალების ნამდვილობა დადასტურდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გარჩევის მიზეზი იქნება" - თქვა პესკოვმა, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პირველ რიგში მასალების ნამდვილობის დადასტურებაა საჭირო.

"სპეცსამსახურების საიდუმლო არქივის" შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Gulagu.net კიბერშეტევის სამიზნე გახდა. დამფუძნებლების აზრით, ეს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის და სასჯელაღსრულების სამსახურის შურისძიებაა უწყებების საიდუმლო მეთოდების გამოაშკარავებისთვის

კომენტარები