არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლება 2024 წლამდე არავითარ საპარლამენტო არჩევნებს არ დაუშვებს

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, არავითარ არჩევნებს არ დაუშვებს. 

მისი თქმით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებმა ხელახლა დაამოწმა, რომ ხალხი ქართულ ოცნებას ენდობა. 

"ამ არჩევნების შედეგით საბოლოოდ განმტკიცდა და დამტკიცდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც. გუშინდელმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ ხელახლა დაამოწმა ხალხის ნდობა და მანდატი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა 2020 წლის ნოემბერში. 

მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო ჩვენი მოსახლეობის წინაშე, რომ არავითარი ახალი არჩევნები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ განიხილება, 100%-ით გიდასტურებთ, ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს. ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი". - ამბობს ღარიბაშვილი. 

გუშინ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, ხმების 33.98% მიიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ – 44.97%.

ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დათვლილი აქვს ხმების 99.97%, რის  მიხედვითაც პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

  • ქართული ოცნება – 46.68%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 30.7%
  • საქართველისთვის – 7.8%
  • ლელო –  2.71%
  • ევროპული საქართველო – 1.66%
  • გირჩი-მეტი თავისუფლება – 1.44%

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ხმების 100% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას 40.3% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27.97%, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის კი – 8.85%. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021.

კომენტარები