საგარეო ვალი

საქართველოს მთავრობა 2022 წელს 3.1 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღებას გეგმავს

ირაკლი ღარიბაშვილი

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და უცხო ქვეყნების მთავრობებისგან 3.1 მილიარდი ლარის ოდენობის ვალდებულებების აღებას ითვალისწინებს. 

გარდა ამისა, მთავრობა საშინაო ვალის გაზრდასაც აპირებს, კერძოდ, ბიუჯეტის პროექტით 1.3 მილიარდი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების გამოშვებაა დაგეგმილი.

საერთო ჯამში, 2022 წლის ბიუჯეტი საქართველოს ვალდებულებების 4.4 მილიარდი ლარით გაზრდას ითვალისწინებს.
 
მთავრობა ვალს შემდეგი ორგანიზაციებიდან აიღებს: 

  • ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 318 მილიონი ლარის ოდენობით;   
  • წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 150 მილიონი ლარის ოდენობით;
  • კლიმატზე მორგებული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 190 მილიონი ლარის ოდენობით;
  • განვითარების პოლიტიკის ღონისძიება-2022 პროგრამის (DPO-2022)  ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები - 157 მილიონი ლარის ოდენობით;
  • სოციალური კეთილდღეობის პროგრამა-IV-ის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 109 მილიონი ლარის ოდენობით;
  •  წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები - 109 მილიონი ლარის ოდენობით; (ADB-ს II ტრანშის თანადაფინანსება).
  • საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა- V-ის  ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 164 მილიონი ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისგან €75-მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილის სესხის სახით მიღებაზე თავი შეიკავა, რადგან ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მოლოდინისა და საგარეო ვალის შემცირების ფონზე, ქვეყანაში დამატებითი სახსრების მოზიდვის საჭიროება არ არსებობდა. 

ბიუჯეტის პროექტზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ მთავრობა ახალი ვალდებულებების აღებას გეგმავს, მათ შორის, მსოფლიო და აზიის განვითარების ბანკებიდან. ევროკავშირისგან დახმარების არ მიღების რეალური მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ დახმარების წინაპირობა არ შეასრულა.

ევროკავშირის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.


2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის €3 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო კრედიტის სახით 15 წლის ვადით, რომლის განაკვეთიც 2% დამატებული Euribor-ია (ევრო ბანკთაშორისი განაკვეთი). დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ფონზე ევროკავშირის დახმარების შეჩერების შესაძლებლობის შესახებ ევროპარლამენტარები წარსულში საუბრობდნენ. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი.

კომენტარები