ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 26.5 მილიარდი დოლარია და ეროვნულ ვალუტაში 72.3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ბოლო ოთხი კვარტლის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 75.1%-ია.
ქვეყნის ვალდებულებებიდან უშუალოდ სახელმწიფო საგარეო ვალზე 11.5 მილიარდი დოლარი მოდის, ანუ 31.2 მილიარდი ლარი, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 32.4%-ია.
ეროვნული ბანკის ცნობით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 1.1 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.
ქვეყნის საგარეო ვალი სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება:
- მთავრობის ვალი – 8.9 მილიარდი დოლარი (24.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 25.3%-ია;
- ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 821.1 მილიონი დოლარი (2.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 2.3%-ია.
- სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები – 451.8 მილიონი დოლარი (1.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 1.3%-ია;
- სახელმწიფო საწარმოების სესხები – 1.3 მილიარდი დოლარი (3.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 3.6%-ია;
- საბანკო სექტორის ვალი – 9.1 მილიარდი დოლარი (24.8 მლრდ ლარი);
- სხვა სექტორების საგარეო ვალი – 4.9 მილიარდი დოლარი (13.4 მლრდ ლარი);
- კომპანიათაშორისო ვალი - 2.7 მილიარდი დოლარი (7.4 მლრდ ლარი).
სებ-ის ინფორმაციით, მთლიანი საგარეო ვალის 87% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.





