კეზერაშვილის საქმე

ღარიბაშვილი: კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი მინისტრობისას გაფლანგულ მილიონებს შეეხება

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

"ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება სწორედ იმ გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს, რომელიც მისი მინისტრობის დროს მოხდა თავდაცვის სამინისტროში".- საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის სამინისტროს მიერ დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ შეტანილ ახალ სარჩელს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სასამართლომ დავით კეზერაშვილი გაუგებარი პროგრამების დაფინანსებისთვის დამნაშავედ ცნო. 

"კერძოდ, თუ არ ვცდები, 5 მილიონი დოლარი იქნა გადარიცუხლი ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაზე და არც ერთი, არავითარი სერვისი არ იქნა გაწეული და არც არავითარი შეიარაღება არ ჩამოსულა. ასეთი ფაქტები არის უამრავი და რა თქმა უნდა, გამოძიება ყველა ფაქტს გასცემს პასუხს".- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

30 სეტქემბერს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, "თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით". 

2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს საქმეზე პირველი გამატყუნებელი განაჩენია. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ მედიაზე ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

 

კომენტარები