არჩევნები 2021

NDI და IRI: პარტიებს არჩევნებში, თანმდევ პროცესებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისკენ მოვუწოდებთ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ექსპერტები პოლიტიკურ პარტიებს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და მის თანმდევ პოლიტიკურ პროცესებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტების გუნდები, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, თბილისში იმყოფებიან. ისინი ყველა პოლიტიკურ პარტიას როგორც საარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პროცესებში აქტიური და კეთილსინდისიერი მონაწილეობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ. იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის სტატუსის ლეგიტიმურად შენარჩუნება, აუცილებელია, მხარეები ჩაერთონ მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულ კონსტრუქციულ დიალოგსა და ჯანსაღ კონკურენციაში". – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

მათივე ცნობით, NDI-ისა და IRI-ის ექსპერტების გუნდები მთავრობის წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდებიან, რათა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული ჩართულობის მიმართ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატონ. გარდა ამისა, ექსპერტები შეხვდებიან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რათა არჩევნების სამართლიანად ჩატარების პროცესში მათ როლს ხაზი გაუსვან. შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო დამკვირვებლებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან იმის განსახილველად, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა საქართველოს სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

"IRI-ის და NDI-ის ექსპერტთა გუნდები არჩევნებამდე ან მის შემდგომ ოფიციალურ განცხადებებს არ გააკეთებენ. აღნიშნული ორგანიზაციების გრძელვადიანი ანალიტიკოსები უზრუნველყოფენ ექსპერტების ინფორმირებულობას ისეთი საკვანძო საკითხების შესახებ, როგორიცაა პარტიების კამპანიების მიმდინარეობა, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და არჩევნების დღის ჩათვლით საჩივრების და საარჩევნო დავების განხილვის პროცესები. NDI და IRI საარჩევნო პროცესების შეფასების ანგარიშებს არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამოაქვეყნებენ". – ნათქვამია განცხადებაში.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები