არჩევნები 2021

"მჯერა, რომ ქვეყანას ცვლიან ჯიუტი ადამიანები" – ინტერვიუ გიორგი ნონიაშვილთან

არჩევნები 2021

"მჯერა, რომ ქვეყანას ცვლიან ჯიუტი ადამიანები" – ინტერვიუ გიორგი ნონიაშვილთან

გიორგი ნონიაშვილი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ევროპული საქართველოს თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი და ჩუღუღეთის ოლქში ოთხი ოპოზიციური პარტიის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. 

ნონიაშვილის მრავალწლიანი გამოცდილება აქამდე ძირითადად ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს უკავშირდებოდა. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა, რა მთავარ პრობლემებს ხედავს ჩუღურეთის ოლქში და რას ელოდება 2 ოქტომბრის არჩევნებისგან? – ინტერვიუდან ამ კითხვებზე გაიგებთ პასუხებს. 

მიუხედავად მრავალმხრივი გამოცდილებისა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თქვენთვის პოლიტიკური დებიუტი იქნება. რას ჩათვლით ამ არჩევნებზე გამარჯვებად?

მე მგონია, რომ მთავარი ამბავი არის ცვლილებების საჭიროება ამ ქვეყანაში და ყველა დანარჩენი არის მეორადი საკითხი, იმიტომ, რომ სინამდვილეში ვსაუბრობთ მომავალზე, რომელიც დღესდღეობით არის უპერსპექტივო და იმისთვის, რომ ეს ამბავი სწრაფად შემობრუნდეს არის ჩქარი ცვლილებები საჭირო. ცვლილებები, რომლებიც ადამიანის კეთილდღეობისკენ, ბედნიერებისკენ სწრაფვისკენ, ამ ქვეყნის ფეხზე დადგომისკენ იქნება ორიენტირებული და სამწუხაროდ, ამ ცვლილებების განხორციელება ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია და სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს ყველა ახალბედა თუ სტაჟიან პოლიტიკოსს, რომ ადამიანების ინტერესის საგანი არ არის ხელისუფლებაში სახელების და გვარების გამოცვლა და სკამების გამოცვლა. Მათი ინტერესის საგანი არის, რომ ხელისუფლების ცვლილებას რეალურად ადამიანზე ორიენტირებული ცვლილებები მოჰყვეს, ანუ მან იგრძნოს საკუთარ თავზე, როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად, ისევე კულტურულად ეს ცვლილებები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ თავად პოლიტიკოსებმაც ირწმუნონ ამ ცვლილებების საჭიროება.

თქვენი ამ დრომდე არსებული გამოცდილება ძირითადად უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს. რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა და რატომ აირჩიეთ ევროპული საქართველოს გუნდი? 

მგონია, რომ ახლა არის ზუსტად ის ეტაპი, რომ ადამიანებმა, მათ შორის ახალგაზრდა ადამიანებმა თავიანთ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, რადგან სხვანაირად შეუძლებელია. პასუხისმგებლობის აღება პოლიტიკურ ცვლილებებზე საჭიროა იმიტომ, რომ ეს ცვლილებები ეხება მომავალს და ახალგაზრდებს, ამიტომ შეუძლებელია განზე დადგე და გულგრილად უყურო ვიღაც ჩინოვნიკები როგორ გინგრევენ ამ ქვეყნის მომავალს, მათ შორის ეს გულისხმობს დასავლურ კურსს, ეკონომიკურ დაღმასვლას და ა.შ და ა.შ.

რატომ გადავწყვიტე ევროპული საქართველოს გუნდის ნაწილი ვყოფილიყავი? ეს არის პარტია, რომლის სიტყვასაც ყოველთვის ჰქონდა ფასი, პოპულისტურად ადამიანის გრძნობებზე არასდროს თამაშობს, აქვს საკუთარი რწმენა და პოლიტიკური მსოფლმხედველობა და მიუხედავად იმისა, რამდენად მისაღებია ეს უმრავლესობისთვის, ის ყოველთვის აფიქსირებს ამ პოზიციებს, მათ შორის, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და ჩემი წარსული საქმიანობიდან გადმომდინარე მგრძნობელობით გამოვირჩევი ადამიანის უფლებებისადმი. ესეც გადამწყვეტი საკითხი იყო – თანასწორუფლებიანობა, როგორც პრინციპი, როგორც ღირებულება. ამაზე ეს პარტია ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას.

ეს არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თუმცა, ამ საკითხებს ბოლომდე მაინც ვერ ავუვლით გვერდს. თქვენი აზრით, რა არის თქვენს ოლქში მთავარი გამოწვევა, რასაც უპირველეს ყოვლისა უპასუხებთ საკრებულოს ტრიბუნიდან? 

მიზეზი, რატომაც არის ეს არჩევნები რეფერენდუმი და რატომაც არის არჩევანი თავისუფლებასა და თავისუფლების წართმევას შორის, ეს არის მჭიდროდ მიბმული ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან. ადგილობრივ თვითმმართველობებს ურტყამს ის, რომ ქვეყანაში კორუფციაა და ეს მომავალს გვართმევს. ადგილობრივ თვითმმართველობებში ხდება პარვა და აღებ-მიცემობა ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებსა და ჩინოვნიკებს შორის. 

პრობლემები აქ ჩვენ შეგვიძლია, ორ ნაწილად დავყოთ. ერთი, საერთო პრობლემებია, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს. ეს არის ზოგადი ფონი სიღარიბის, მათ შორის, რომელიც ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკასაა მიბმული, მაგრამ ამის გარდა არის ადგილობრივი პრობლემებიც. ამის ნათელი მაგალითია ჩუღურეთის შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შენობები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და ეს შენობების უმრავლესობა ნელ-ნელა ინგრევა, ქრება, სამწუხაროდ, და ხელისუფლების ინტერესის საგანი მაინცდამაინც არასდროს ყოფილა ეს ამბავი. 

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კულტურული მემკვიდრეობა გადარჩენას საჭიროებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მჭიდროდაა მიბმული ჩვენს ეკონომიკურ მომავალთან. ის, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს, ეს ბუტაფორიულ ძეგლებად კი არ გვჭირდება, ეს ჩვენ ეკონომიკურ სარგებელს გვიქადის. 

ჩუღურეთი, მაგალითად, ევროპულ ყაიდაზე გაშენებული უბანი იყო მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან. ტიპური ევროპული ლოკაციაა, რომელიც გადარჩენასა და შენარჩუნებას საჭიროებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამაში ინვესტირება ღირს და ეს ნიშნავს ადამიანებისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კაპიტალის ფასის აწევას. ამის ნათელი მაგალითია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლის ერთი ეტაპი ნაციონალური მოძრაობის დროს დასრულდა და მეორე ქართული ოცნების მმართველობისას. აქ კერძო საკუთრების ფასი გასამმაგდა, ცხოვრება მომგებიანი და პერსპექტიული გახდა, სინამდვილეში მთელი ჩუღურეთი ასეთია და ამ რესურსს ხელისუფლება არ იყენებს. 

ამის გარდა ჩუღურეთში ზედა უბნები არის უფრო მთაგორიანი და სახლები ინგრევა მხოლოდ იმის გამო, რომ მეწყერსაშიში ზონებია ბევრი, მაგრამ ეს პოლიტიკურ ყურადღების ცენტრში არასდროს ხვდება და ადამიანები მართლა მძიმე პირობებში ცხოვრობენ. 

ან იგივე მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემები, რომლებიც ზედა უბნებს აწუხებს. ბევრი ადგილია, სადაც ტრანსპორტი წესიერად არ დადის. მაგალითად, ადრენალის უბანში ერთადერთი სამარშრუტო ავტობუსი დადის და იმასაც აუქმებენ. რთულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გორაკზე ცხოვრობენ, მაგრამ ამაზე, სამწუხაროდ, პოლიტიკოსები არ ფიქრობენ. 

გასულ კვირას გამოქვეყნდა ე.წ სუს-ის ფაილები, რამაც საზოგადოება შეძრა მოსმენებისა და თვალთვალის მასშტაბით. თქვენი აზრით, ამ მასობრივი მოსმენების პირობებში ჩატარებული არჩევნები რამდენად შეიძლება, ჩაითვალოს ლეგიტიმურად? 

ტოტალური კონტროლის პირობებში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს ლეგიტიმაციასთან აქვს დიდი პრობლემა. ეს ცხადია, ძალიან ბუნებრივია. მასშტაბი, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ კარგად არ ვიცით, რამხელაა. ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების ბაზაზე წვდომა არ გვაქვს და არ ვიცით, რა იხარშება, რა მანკიერი ფანტაზიებიც იხარშება იქ. ფაქტია ერთი, რომ სამწუხაროდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად წარმოადგენენ ამ ქვეყნისთვის საფრთხეს. ერთი მხრივ, ისინი უნდა უზრუნველყოფდნენ ეროვნული უსაფრთხოების დაცვას, მაგრამ პირიქით, თავად უქმნიან ამ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს, თავად ასხამენ რუსეთის წისქვილზე წყალს, ანუ რუსულ თამაშს თამაშობენ მთლიანად და მთავარი ამბავი, რასაც საქმიანობენ, სხვის თეთრეულში ქექვაა, ნაცვლად იმისა, რომ სინამდვილეში უსაფრთხოების, მათ შორის სადაზვერვო საქმიანობა აწარმოონ, რუსულ ინფილტრაციას ებრძოლონ ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგენტურას...

სინამდვილეში ამ ქვეყნისთვის ძლიერი უსაფრთხოების სამსახურები ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან გვჭირდება კარგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მაგრამ ეს კარგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადამიანების, საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ კი არ უნდა გამოიყენებოდეს, საკუთარი თანამოქალაქეების დაცვისთვის უნდა გამოიყენებოდეს, უპირველეს ყოვლისა. ზუსტად ეს არის ფუნდამენტური აცდენა, რაც დღეს ხდება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებში. 

ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები მთლიანად ემსახურება მინიმუმ ბიძინა ივანიშვილის ინტერესს და, სამწუხაროდ, არამხოლოდ განყენებულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესს, არამედ მათ შორის ხშირ შემთხვევაში რუსული სპეცსამსახურების ინტერესებსაც ასრულებს ხოლმე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებში რუსული ინფილტრაცია არის მაღალი. ეს ჩემი პირადი აზრია. ამიტომ, როდესაც ვხედავთ, რომ არჩევნებში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ უპირველეს ყოვლისა ამ უსაფრთხოების სამსახურებს იყენებენ, ეს უკვე კლინიკური შემთხვევაა და სწორედ ამიტომაა, ცვლილებები საჭირო, რომ შეიქმნას ისეთი მოცემულობა, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, იქამდე უნდა მივიდეთ, რომ არავინ, არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენოს. 

ამ და მსგავს მაგალითებს ცივილიზებულ სამყაროში პრეზიდენტები და მთავრობები გადაჰყოლია, მაგალითად, აშშ ამის ნათელი მაგალითია, ნიქსონის შემთხვევა – უოტერგეიტის სკანდალი. 

თქვენ ამბობთ, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა და იგი არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას, თუმცა, ამ მტკიცებამ ამომრჩეველთა ფართო მასასა და დასავლელ პარტნიორებში საკმარისი დამაჯერებლობა ვერ მოიპოვა. ამ არჩევნებისთვის როგორ ემზადება ოპოზიცია, რომ იგივე არ განმეორდეს? მაგალითად, ისევ არ მოისყიდონ ოპოზიციის დამკვირვებლები.

2020 წლის არჩევნები გამორჩეული იყო წინა არჩევნებთან შედარებით, იმიტომ, რომ არა ერთი, არა ორი და სამი, არამედ ძალიან ბევრი მეთოდი გამოიყენა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ არჩევნების შედეგები შეცვლილიყო როგორც კენჭისყრის დღეს, ისე იქამდეც. მრავალნაირი მეთოდი გამოიყენა ამ ყველაფრისთვის. ეს იყო მწარე გამოცდილება, მათ შორის, ოპოზიციური პარტიებისთვის, იმიტომ, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, შეგვიძლია, თვითკრიტიკულები ვიყოთ და ვთქვათ, რომ მომზადებულები ვერ დახვდნენ ოპოზიციური პარტიები ამ მასშტაბს გაყალბებისა და არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ასეთ მასშტაბზე წავიდოდა ხელისუფლება, მაგრამ ეს ამავდროულად არის გამოცდილება იმისათვის, რომ ამ არჩევნებისთვის მოემზადონ.

ჩვენი პარტია ვცდილობთ, რომ ყველა შესაძლო გაყალბებისთვის მზად ვიყოთ და ამას ფართოდ გახელილი თვალებით ვუყუროთ და, შესაბამისად, ხმები დავიცვათ, ოღონდ, როცა ვსაუბრობთ, რომ ხმები დასაცავია, მე მგონია, ოდნავ ინფანტილური ამბავია, როდესაც მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პარტიებს ასე ერთმანეთისგან განყენებულად განვიხილავთ. სინამდვილეში როდესაც ხმების დაცვაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული თანამოქალაქის ვალია, რომ ხმები დაიცვას და ამ არჩევნების სამართლიანობა დაიცვას. მე მგონია, რომ მაშინ, როდესაც ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება, ის მოცემულობა არ არსებობს, რომ მე მივედი არჩევნებზე, ხმა მივეცი რომელიმე პარტიას და ახლა თუ თქვენ ვერ დაიცავით ხმები, ეს მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პრობლემაა. ეს მხოლოდ პარტიების პრობლემა არაა, ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა, ამიტომ, ყველა ჩვენგანს გვეხება, ეს სოლიდარული პასუხისმგებლობის ნაწილია. 

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არჩევნებზე მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართულები და არჩევნებზე აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას, იმიტომ, რომ მთავარი დაცვის მექანიზმი მასშტაბური გაყალბების წინააღმდეგ, არის ადამიანების არჩევნებზე მისვლა. ამიტომ, მთავარი ამბავი, რითაც ვცდილობთ, რომ თავი დავაღწიოთ ამას, რომ იგივე არ განმეორდეს, არის ის, რომ უფრო ეფექტურად ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ადამიანები დავარწმუნოთ, რომ არჩევნებზე მოვიდნენ. ეს არის დაცვის მთავარი მექანიზმი სინამდვილეში. 

როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ხელისუფლების შესაცვლელად დამატებითი ნაბიჯები იქნება გადასადგმელი. როგორ მოიქცევა ოპოზიცია სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში? მაგალითად, არჩევნები მოიგეთ, თუმცა ქართული ოცნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მაინც არ ნიშნავს? და თუკი მმართველი გუნდი არჩევნებს გაყალბებით მოიგებს, ისევ მხოლოდ პროტესტს განიხილავთ, თუ ბრძოლის სხვა მეთოდებზეც ფიქრობთ?

რეალურად ორი არჩევანი არსებობს, მართალია. ერთი მხრივ, თუ ოპოზიციამ მნიშვნელოვანი შედეგები დადო, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრობლემა ექმნება ხელისუფლებას და მას მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და ეს შეგვიძლია, დიდ სურათში წარმოვიდგინოთ როგორც პროცესი, რომელიც დიდ ცვლილებებამდე მიგვიყვანს და ხელისუფლების ცვლილებებამდე როგორც ადგილობრივ დონეზე, ისევე ცენტრალურ დონეზე. ან მეორე მხრივ, ქართულმა ოცნებამ ამ არჩევნებზე მნიშვნელოვანი შედეგები დადო, მათ შორის გაყალბების ხარჯზე, იმიტომ, რომ არ მგონია, რომ სხვანაირად ეს შესაძლებელი იყოს, მაშინ ცხადია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მგონია, რომ მთავარი გამოსავალი არის ის, რომ შენ ჯიუტად გააგრძელო ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და კეთილდღეობისთვის მანამ, სანამ ცვლილებებს არ მიაღწევ. 

მე მჯერა, რომ ქვეყანას ცვლიან ჯიუტი ადამიანები. ეს ჯიუტი ადამიანები თუ ფარ-ხმალს დაყრიან, არაფერი გამოვა. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს და 3 ოქტომბერი როგორც არ უნდა გათენდეს, ეს იქნება მზიანი, თუ ღრუბლიანი ამინდი, დღესაც როგორც არის ჯიუტი ადამიანების საჭიროება პოლიტიკაში, მათ შორის ახალგაზრდა და იდეალისტი ადამიანების, ისევე იქნება ამის საჭიროება 3 და 4 ოქტომბერს. ამიტომ, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ცვლილებები არ მოხდება. 

თან საუბარი გვაქვს 2 ოქტომბრის არჩევნებზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ეს წინასწარ არის გააზრებული, რომ სულ ძალიან კარგი შედეგებიც რომ დააგროვოს ოპოზიციამ, მაინც პროცესია ვადამდელი არჩევნების დასანიშნად. ამიტომ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაინც ბრძოლა უნდა იყოს ვადამდელი არჩევნებისთვის და სინამდვილეში მთავარი სათქმელი უნდა იყოს ცვლილებები და ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება. ეს უნდა იყოს მთავარი ამბავი, რისთვისაც უნდა იბრძოდნენ წესიერი პოლიტიკოსები. 

კომენტარები