არჩევნები 2021

ხოშტარია: ოცნებამ საელჩოზე თავდასხმისთვის ზონდერები მიიყვანა – მათ შორის, "გლდანის ვოლკები"

ფოტო: ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

დროას ლიდერისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, გუშინ, 23 სექტემბერს ქართულმა ოცნებამ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისზე თავდასხმა დააორგანიზა და ადგილზე, როგორც თავად უწოდებენ, "გლდანის ვოლკები", ასევე, საბურთალოსა და ნაძალადევის დაჯგუფება მიიყვანა. 

"ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით იქამდე, რომ ქართულმა ოცნებამ დააორგანიზა თავდასხმა ევროკავშირის საელჩოზე. ჩვენ ვნახეთ, რაც ნიკა მელიამ საკუთარი, პრაქტიკულად, სიკვდილისთვის განწირული წევრის, დმანისში დაჭრილი ადამიანის შეურაცხყოფის შემდეგ, როცა ქართული ოცნება და კობახიძე საუბრობდა, თითქოს პროვოკაცია თავად მოაწყვეს, პასუხი მოსთხოვა კობახიძეს, რამდენიმე წუთში, შეშინებული კობახიძის გაქცევის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ დააორგანიზა ზონდერების მოყვანა საელჩოსთან. აქ იყვნენ "გლდანის ვოლკები" ვციტირებ იმ კონკრეტულ დაჯგუფებას, როგორც თავად ქართული ოცნება ეძახის - ჩემთვის შეურაცხმყოფელია, ნებისმიერ მოქალაქეს ასე უწოდო და ასე ვიყენებდეთ დაპირისპირებაში. აქ იყო საბურთალოს დაჯგუფება და ნაძალადევის დაჯგუფება". - ამბობს ხოშტარია. 

ელენე ხოშტარიას თქმით, მათ ევროკავშირის ოფისთან თავდასხმა სწრაფად დააორგანიზეს და, მიუხედავად ელჩის მხრიდან ოცნებასთან კომუნიკაციისა, საათების განმავლობაში შენობის უსაფრთხოების უხრუნველყოფა შეუძლებელი იყო.

"კარგად უნდა გვესმოდეს, ის საფრთხეები, რომელსაც ქართული ოცნება გვიქმნის, ჩვენ ხელშია, რომ თავიდან ავირიდოთ. ქართული ოცნება ამ არჩევნებზე დამარცხებულია და ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანი არის ევროკავშირი. ამიტომ, 2 ოქტომბრის რეფერენდუმი არის არა უბრალოდ ქართული ოცნების წასვლის გაფორმება, რომელიც შემდგარია, არამედ ჩვენი ევროპული არჩევანის, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი კეთილდღეობა, უსაფრთხოება, სახელმწიფოებრიობა, მოქალაქეების მშვიდობა - ამ არჩევანის რეფერენდუმი არის 2 ოქტომბერი. 

დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება თავის სიტყვას იტყვის და ქართულ ოცნებას, უმცირესობაში მყოფ მოძალადე ჯგუფს არ მისცემს საშუალებას, რომ წაგვართვას ძალიან მნიშვნელოვანი მომავლის პერსპექტივა". - ამბობს ელენე ხოშტარია. 

23 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ენმ-ის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია და ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ოფისთან ქართული ოცნების აქტივისტები მივიდნენ, რომლებიც საკუთარ თავს "ვაკელ ახალგაზრდებს" უწოდებდნენ. ისინი ელოდებოდნენ, როდის დატოვებდა მელია შეხვედრას. 

თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე, დაახლოებით, 1 საათით ადრე მათ ტერიტორია დატოვეს - როგორც ბრიფინგზე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, ამისკენ თავად პირადად მოუწოდა. 

კომენტარები