არჩევნები 2021

კობახიძე: ნიკანორ მელია არის უინტელექტო ხულიგანი, პოლიტიკურ შანსს პროვოკაციებში ხედავს

"ნიკანორ მელია არის უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორი, რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს". – ამბობს ართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელიასთან დაპირისპირების შემდეგ ოცნების ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

"სიმბოლურია, რომ მელიამ პროვოკაცია ევროკავშირის ოფისის წინ მოაწყო, ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს.

ძალზედ რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვის რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს, კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომლებიც დღეს ჩემგან მოისმინა". – ამბობს ირაკლი კობახიძე.

დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მელიამ კობახიძეს "უსინდისო, ივანიშვილის მონა", კობახიძემ კი მას "ნაბიჭვარი" უწოდა.

მელიამ კობახიძეს ჰკითხა, სჯეროდა თუ არა, რომ დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთი თავად დაჭრეს.

ევროკავშრის წარმომადგენლობის ოფისში ნიკა მელია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს ხვდება, მაშინ, როდესაც დაპირისპირება მოხდა, ირაკლი კობახიძე შეხვედრის შემდეგ ოფისს ტოვებდა.


დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერების დაჭრის გამო ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავეს.  

დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტის დაჭრის ფაქტზე ინფორმაცია 21 სექტემბერს პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, "თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი".

მიხეილ დაუთაშვილი, რომელსაც ოქრიაშვილი აქტივისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ, შესაძლოა, ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენეს. 

კომენტარები