არჩევნები 2021

"მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ" – მელიამ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და თბილისში ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის გამართული დებატები ქართული ოცნების კანდიდატისა და მოქმედი მერის, კახა კალაძის მიმართ პროტესტის ნიშნად შესავალი სიტყვის შემდეგ დატოვა.

"ეს ადამიანები ძალადობენ დღისით, მზისით  და ეს ბატონი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული ადამიანი და კრიმინალების მფარველი, აი, ამას სჩადის. დღეს დმანისში ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა გააკეთეს. ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს ქართველი ხალხის მიერ და დამარცხდება. 

პატივს ვცემ ყველა კანდიდატის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას. კარგად ბრძანდებოდეთ". – თქვა მელიამ.

მელიამ საუბრისას აჩვენა 21 სექტემბერს დმანისში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაჭრილი აქტივისტების ფოტოები.

"სულ კარგად ბრძანდებოდეთ, მიკროფონი დაგვიტოვეთ და ისე გადით" – მიმართ კახა კალაძემ ნიკა მელიას.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები