ფარული მოსმენები

ფაილები: საპატრიარქო გადასახადებს არ იხდის და თანამშრომლების ანაზღაურებას მალავს 

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებული მასალებიდან ირკვევა, რომ გადასახადის თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს საპატრიარქო შრომით ანაზღაურებას ოფიციალურად არ აფიქსირებს და თანამშრომლებს ანაზღაურებას მალავს. 

გარდა ამისა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში წერია, რომ პატრიარქის მდავნ-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი ითხოვდა ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან გაერკვიათ, შესაძლებელი იყო თუ არა საპატრიარქოს თანამშრომლები სახელმწიფო სუბსიდირების პროექტში მომხვდარიყვნენ და დამატებითი დაფინანსება ბიუჯეტიდან მიეღოთ.

200-ლარიანი დახმარება პანდემიით შემოსავალ დაკარგულ პირთათვის იყო გამოყოფილი, რომლის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია საპატრიარქოს არ ჰქონდა, რადგან ანაზღაურებას ოფიციალურად არ გასცემდა.  

დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვით, ეპარქიაში დასაქმებულ პირებს, რომელთაც ოფიციალურად არ უფიქსირდებოდათ შემოსავლები, სახელმწიფო 200-ლარიან დახმარებას მაინც გადასცემდა.

"[28.04.20, 22:20:58]: პროტორპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა აცნობა, რომ კორონავირუსის გამო საგრძნობლად შემცირდა ეკლესიების შემოსავლები, რის გამოც საპატრიარქო თანამშრომლებს ვერ უხდის ხელფასს.

შ.თეთრუაშვილის განმარტებით, ამ მომენტისთვის საპატრიარქოს ესაჭიროება 70 000 ლარი, საიდანაც 50 000 ლარი უნდა განაწილდეს ხელფასებზე, ხოლო 20 000 ლარი ტრაპეზისთვის განკუთვნილი პროდუქტებისთვის.

შ.თეთრუაშვილის თქმით, საპატრიარქო შრომით ანაზღაურებას ოფიციალურად არ აფიქსირებს, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რის გამოც საპატრიარქო იძულებულია თანამშრომლებს შრომითი ანაზღაურება გადაუხადოს ხელზე.

საუბრის დასასრულს შ.თეთრუაშვილმა გ.ზვიადაძეს მოუწოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გაარკვიოს, შესაძლებელია თუ არა საპატრიარქოს თანამშრომლები მოხვდნენ ე.წ. სუბსიდირების პროექტში, რომლის თანახმადაც სახელმწიფო გეგმავს, თვითდასაქმებულ და შემოსავალ დაკარგულ პირთათვის 200 ლარიანი დახმარების გაწევას.

[29.04.20, 21:15:57]: პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს აცნობა, რომ პანდემიის გამო საპატრიარქოში არსებულ სახელფასო ფონდში შექმნილ დეფიციტთან დაკავშირებით ესაუბრა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო დაეხმარება საპატრიარქოსა და ეპარქიებში დასაქმებულ პირებს, რომლებსაც არ უფიქსირდებათ სხვა შემოსავლები 6 თვის განმავლობაში გაუწევნ ფინანსურ დახმარებას.

აღნიშნული დადებითად შეაფასა შ.თეთრუაშვილმა და განაცახდა, რომ ხსენებულ ინფორმაციას შეატყობინებს მღვდელმთავრებს". – წერია, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებში.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქო სამართლებრივი პრივილეგიებით სარგებლობს და დღგ-ს, მოგებისა და იმპორტის გადასახადებს არ იხდის. მიუხედავად ამისა, მას საშემოსავლო გადასახადის გადახდისა და თანამშრომლების ანაზღაურების ოფიციალურად აღრიცხვის ვალდებულება აქვს, რომელსაც, გავრცელებული ფაილების მიხედვით, თავს არიდებს.   


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები