არჩევნები 2021

ვაშაძე: ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი 8 საათი დაკავებული ჰყავდათ, ზეწოლას ახდენდნენ

პოლიტიკური პლატფორმა მესამე ძალის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, სამტრედიაში მათი მაჟორიტარობის კანდიდატი 8 საათის განმავლობაში "ფაქტობრივად უკანონოდ იყო დაკავებული", მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა და აიძულეს კანდიდატურის მოხსნა.  

"მოხდა სისტემური დანაშაულის ფაქტი, რომელშიც ჩართული არიან კრიმინალები, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბი და საოლქო საარჩევნო კომისია. გუშინ რვა საათის მანძილზე ფაქტობრივად უკანონოდ იყო დაკავებული ნიკა საკანდელიძე, სამტრედიის ბაში-იანეთის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი. მთელი ამ ხნის მანძილზე მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მას დაეწერა განცხადება და მოეხსნა კანდიდატურა მაჟორიტარული ოლქიდან. ის არის ოთხი შვილის მამა და მას ემუქრებოდნენ საკუთარი შვილებით, ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილები აქ თამაშობდნენ საფეხბურთო მოედანზე." - ამბობს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის თანახმად, საკანდელიძეს მაჟორიტარობის კანდიდატურის მოხსნა აიძულეს და განცხადება დააწერინეს. პარტიამ კი ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის საშუალებით გაიგო.

"საბოლოოდ მათ აიძულეს რამდენიმე საათიანი ზეწოლის შემდეგ, რომ დაეწერა განცხადება. ეს განცხადება დაიწერა ქართული ოცნების სამტრედიის შტაბში, შემდგომ გადაეცა, როგორც მას უთხრეს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს და ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული განცხადებით გახდა ცნობილი, რომ მან მოხსნა კანდიდატურა. დაახლოებით საღამოს ექვს საათზე  ვიპოვეთ ეს ადამიანი და მან სრულად აღწერა ინფორმაცია რაც მოხდა. ეს არის ენით აღუწერელი დანაშაული, რომელსაც ჩადის ქართული ოცნება, კრიმინალები და საარჩევნო ადმინისტრაცია ადმინისტრაციაში." - ამბობს პოლიტიკოსი.

ვაშაძის თქმით, პოლიტიკური პლატფორმა მესამე ძალა აუცილებლად მოითხოვს განცხადების გაუქმებას, ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მოითხოვს "ყველა იმ კრიმინალის დაკავებას, რომელიც ჩართული იყო ამ უმძიმეს დანაშაულში", მათ შორის ქართული ოცნების შტაბის წევრების.

კომენტარები