ნარკოტესტი

კობახიძე გახარიაზე: სხვა თემებზე საუბარი სჯობს კოკაინშიკზე 15 წუთის დახარჯვას

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნებზე ორციფრიან პროცენტსაც ვერ აიღებს და ამიტომ, "კოკაინშიკზე" სალაპარაკოდ 15 წუთის დახარჯვა არ ღირს.

ყოფილ პრემიერმინისტრზე ლაპარაკისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ის თანამდებობი შეახსენა, რასაც გიორგი გახარია ქართულ ოცნებაში ყოფნის დროს იკავებდა, რაზეც კობახიძემ უპასუხა:

"შემდეგ იყო 18 თებერვალი, როდესაც მან [გიორგი გახარიამ] უღალატა ქვეყანას და გუნდს, მანამდე იყო 20 ივნისი, მანამდე იყო ბასიანი, დღეს არის კოკაინი და ა.შ".

მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დაპირისპირება ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის არის, ხოლო გიორგი გახარია აქტუალური აღარ არის.

"სამწუხაროდ, ეს არჩევნები არის დაპირისპირება ისევ და ისევ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, დღეს ვლაპარაკობთ ვიღაცა კაცზე, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს, რომ მეორე ადგილს მიუახლოვდეს. 15 წუთია ვლაპარაკობთ ვიღაცაზე, ვისაც არჩევნებზე ორნიშნა მაჩვენებლის აღების შანსი არ აქვს.

დღეს ჩვენ კონკურენცია გვაქვს იმ ძალასთან, ვისთანაც ეს [გახარია] არის ალიანსში, ეს 3-4% პოლიტიკური დაჯგუფება და მისი ლიდერი და 15 წუთი ვუთმობთ მას დროს, როდესაც ჩვენ გვაქვს არჩევნები და კონკურენცია იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც რევანშით იმუქრება და რომლის რეალური ლიდერი გვპირდება საქართველოში ჩამოსვლას, ქვეყნის არევას და ა.შ. და ამ ყველაფერს ერთად გვპირდებიან სააკაშვილი და გახარია და იმის მაგივრად, რომ ჩვენ ამ რევანშის წინააღმდეგ ვისაუბროთ, ვიღაც 3%-იან პარტიაზე ვსაუბრობთ ამდენი ხანი და მგონი ჯობია, რომ სხვა თემებზე ვისაუბროთ, ნაცვლად იმისა, რომ ვიღაცა კოკაინშიკზე დავხარჯოთ 15 წუთი. ვინც ვერ გაბედა ტესტის ჩაბარება და მერე იცით, რომ მას სოლიდარობა გამოუცხადა ნიკანორ მელიამ და მანაც აღარ ჩააბარა ტესტი, არადა მანამდე მზადყოფნა ჰქონდა გამოცხადებული, აი, ეს არის ეს ადამიანი", - თქვა მან.

4 სექტემბერს დედაქალაქის მერი და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მერობის კანდიდატების მიერ ნარკოტესტის ჩაბარების ინიციატივით გამოვიდა. მან სამხარეულოს ეროვნულ ბიუროში ტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა და სხვა კანდიდატებსაც ამისკენ მოუწოდა. პატრია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთებს, რადგან მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა.

კომენტარები