არჩევნები 2021

როგორ იყენებენ პოლიტიკური პარტიები რელიგიურ თემატიკას წინასაარჩევნოდ – DRI-ის კვლევა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ჩანს, თუ როგორ იყენებენ პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ რელიგიურ თემატიკას. ამ მხრივ DRI-მ ოთხი პარტია გამოყო: ქართული ოცნება, ლელო და საქართველოსთვის, პატრიოტთა ალიანსი

ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია ქართული ოცნება, პრემიერმინისტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად აგრძელებს ეკლესია-მონასტრების "მოლოცვას“. ქართული ოცნების მერობის კანდიდატების წარდგენის ყველა ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები, რაც პრემიერმინისტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ფოტო მასალითაც დასტურდება.

მაგალითად, 10 სექტემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთა-მთიანეთში მერობის კანდიდატები წარადგინა. ქართული ოცნების პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად, წარდგენას ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც. ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური გვერდი ავრცელებს

გარდა ამისა, 10 სექტემბერს, პრემიერმინისტრი გერგეთის სამებას სტუმრობდა. მან ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელთან ერთად "მოილოცა“, მასთან ერთად იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარეც, კახა კუჭავა. ამასთან ერთად, 11 სექტემბერს, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მერობის კანდიდატების წარდგენას სამცხეჯავახეთში, ბორჯომში, ადიგენსა და ახალციხეში წარდგენებს ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც, როგორც მღვდელმთავრები, ისე ბერ-მონაზვნებიც.

12 სექტემბერს, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვარძიაში ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერობის კანდიდატები წარადგინა. სიტყვით გამოსვლის დროს მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ვარძიის რეაბილიტაცია სრულად დააფინანსა ფონდმა ქართუმ და ბიძინა ივანიშვილმა და ეს არის პროცესი, რომელიც "კვლავ გრძელდება“. 

ამასთან ერთად, პრემიერმინისტრი იმყოფებოდა აბასთუმანში,  აწყურის კათედრალშიც, რომელსაც ფონდი ქართუ აფინანსებს, ასევე სასულიერო პირებთან ერთად ახალციხის უნივერსიტეტშიც.

რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის, 1 სექტემბერს პარტიის ლიდერმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები და პროპორციული სიის წევრები მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში წარადგინა. 9  სექტემბერს, გიორგი გახარია სოფელ ღებში ამომრჩეველს შეხვდა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც. გარდა ამისა, გახარიას პარტიის მერობის კანდიდატების წარდგენას ონში და ამბროლაურში სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

რაც შეეხება ლელოს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ ორ სექტემბერს გამოაქვეყნა წინასაარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი ვიდეორგოლი, რომელიც ძველი აღქმის სიტყვებით და მცხეთისა და ჯვრის მონასტრის ხედებით იწყება. 

ამასთან ერთად, 7 სექტემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მამა ილია ესარათია აცხადებს, მხარს დაუჭერს პატრიოტთა ალიანსს. ამონარიდი ვიდეოდან - "ჩვენ დავუდგებით გვერდში, მათ გვერდითა ვართ. 5 ივლისს დავითი და ირმა იყვნენ იქ! რუსთაველის გამზირზე. ღმერთმა დალოცოს ორივე".

კომენტარები