ფარული მოსმენა

ღარიბაშვილი მასალებზე: ვერსიები დამუშავდება, მათ შორის, გახარია-ხოჯევანიშვილის ჩართულობაზე

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფაილებთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა ვერსიას დაამუშავებს, მათ შორის, ხომ არაა შესაძლებელი, რომ ამაში ყოფილი პრემიერი და ახლა პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია და სახელწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ ჩართულები.

"პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის, იმ ვერსიას, თეორიულად ხომ არაა შესაძლებელი, რომ ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც სხვათაშორის კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, წვდომა ჰქონდა ძალიან დიდ ინფორაციაზე და წვდომა ჰქონდა მათ შორის მოსმენების სამსახურზე". – ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები