ფარული მოსმენა

წულუკიანი მასალებზე: ოპოზიციამ ზღვარი გადალახა, ასეთ სიბინძურეებთან კომპრომისი არ იქნება

თეა წულუკიანი
იმედი

"მე ვფიქრობ, რომ ახლა უკვე გაჩუმება აღარ იქნება, რადგან უკვე ზღვარი გადალახა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა. კომპრომისები არ იქნება ასეთ სიბინძურეებთან".- ასე ეხმაურება საქართველოს ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებს. 

ამის შესახებ თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფარული ჩანაწერები, სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდშიც გავრცელდება. მინისტრმა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, მასალების გავრცელებაში ოპოზიცია დაადანაშაულა. 

"ის სტილი, რომლითაც დაიწყო საარჩევნო კამპანია, გრძელდება და ეს ალბათ კიდევ უფრო გამძაფრდება მომდევნო დღეებში. ეს შეიძლება იყოს მორიგი ჩანაწერების გამოქვეყნება, რათა მიღწეული იყოს მთავარი მიზანი - ე.წ. გვამების პოლიტიკა. ასე რომ, ასეთი სიბინძურე კიდევ მრავლად იქნება". - ამბობს წულუკიანი და ღნიშნავს, რომ გამოძიებისგან ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხს ელოდება. 

მისივე თქმით, ენმ და ოპოზიციის დიდი ნაწილი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მომდევნო დრისთვის ემზადება. 

"ბრძოლაა და თამაში წესების გარეშე და სწორედ ამის მონაწილეები ვართ და უნდა შევძლოთ და გავიაზროთ, რომ ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი არ ემზადება არჩევნებისთვის, ისინი ემზადებიან არჩევნების მეორე დილისთვის და არიან სრულ ისტერიკაში და ამ ისტერიკის დროს ადამიანი რას გამოიგონებს, როგორ მანიპულაციას განახორციელებს, ამიტომ გამოძიება არის უმნიშვნელოვანესი".- ამბობს თეა წულუკიანი. 

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები