ფარული მოსმენები

მდინარაძე ფაილებზე: ფონის შემზადება იყო ენმ-ს მიერ ჩანაწერების, ფაბრიკაციის გავრცელებისთვის

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალების გავრცელება ფონის შემზადება იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მომდევნო დღეებში პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერებისა და მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის. 

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში, ნაციონალური მოძრაობის მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას. ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების მქონე ადამიანებს შეიძლება თავში აზრად მოუვიდეთ მათი გავრცელება". – თქვა მდინარაძემ.

მდინარაძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, მიიღონ ყველა ზომა "საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად და საზოგადოებასთან სრული ინფორმაციის მისაწოდებლად".

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები