რუსული ოკუპაცია

გალის სკოლებში მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ქართულ ენაზე სწავლა აეკრძალათ

JAMnews

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ქართულ ენაზე სწავლა აეკრძალათ. გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში დაშვებული იქნება ქართული ენის, როგორც უცხო ენის სწავლება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა გავრცელებული ინფორმაციის შესახებ და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გრძელდება მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა.

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, გრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს და პრინციპებს. მსგავსი უკანონო ქმედებები წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის განადგურებას და მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ისახავს მიზნად". – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქართული მხარე ძალ-ღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სხვა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

კომენტარები