კრიპტოვალუტა

უკრაინა ბიტკოინისა და სხვა კრიპტოაქტივების ლეგალიზაციას გეგმავს 

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ თითქმის ერთსულოვნად მიიღო კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს და აკანონებს კრიპტოვალუტისა და ციფრული აქტივების სფეროს. 

CNBC-ის ინფორმაციით, აქამდე ციფრული აქტივების საკითხი ქვეყანაში დაურეგულირებელი იყო და წესები ე.წ. "ნაცრისფერ ზონაში" იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, უკრაინელ მოსახლეობას ბიტკოინის, ეთერიუმის, კარდანოს თუ სხვა კრიპტოვალუტის ყიდვა, გაყიდვა და შენახვა უპრობლემოდ შეეძლო. 

კანონმდებლების განმარტებით, მკაფიოდ დადგენილი თამაშის წესები ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას, რადგან მსხვილ კომპანიებს და საფინანსო ინსტიტუტებს მეტი ნდობა გაუჩნდებათ შედარებით დაურეგულირებელი აქტივების მიმართ და ინვესტირებისგანაც თავს აღარ შეიკავებენ. გარდა ამისა, კანონში ინვესტორთა და მხარეთა დაცვის მექანიზმებიცაა გათვალისწინებული.

უკრაინელი პარლამენტარების მოსაზრებას იზიარებს აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის [SEC] ხელმძღვანელი, გარი გენსლერიც. მისი თქმით, კრიპტოვალუტისა და ციფრული აქტივების სფერო თითქმის დაურეგულირებელი "ველური დასავლეთია", რომელიც სავსეა თაღლითებითა და ცუდი აქტორებით. 

"კრიპტო სფეროში ინვესტორთა დაცვისათვის საჭირო მექანიზმები ჯერაც არ გვაქვს. გულწრფელად რომ თქვათ, ამჟამად ეს უფრო ველურ დასავლეთია. ჩვენი მოვალეობაა ინვესტორების თაღლითებისგან დაცვა, ამისათვის კი მკაფიოდ განსაზღვრული თამაშის წესებია საჭირო". – თქვა გენსლერმა. 

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, კრიპტოვალუტის დარეგულირების მცდელობა, უმეტესწილად, მავნე ან სულაც უსარგებლოა. ამ მოსაზრებას კი იმ ქვეყნების მაგალითით ამყარებენ, რომლებმაც სცადეს ბიტკოინისა თუ სხვა კრიპტოვალუტის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა ან სულაც აკრძალვა, მათი მცდელობები კი წარუმატებლად, ხშირად საპირისპირო შედეგითაც დასრულდა. 

აღსანიშნავია, რომ 7 სექტემბერს სალვადორი მსოფლიოს პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად მიიღო

გარდა იმისა, რომ სალვადორში ბიტკოინი ანგარიშსწორების საშუალებაა, ასევე მას სარეზერვო აქტივის დანიშნულებაც აქვს, კერძოდ, სალვადორის ეროვნული ბანკის რეზერვში 550 ბიტკოინი ინახება. 

სალვადორის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ყველა ეკონომიკური სუბიექტი ვალდებულია, საგადასახადო და ანგარიშსწორების საშუალებად ბიტკოინი მიიღოს.

უკრაინელი კანონმდებლების თქმით, ბიტკოინის ეროვნულ ვალუტად მიღების საკითხი არ განიხილება. 
 

კომენტარები