ინფლაცია საქართველოში

გვენეტაძე 12.8%-იან ინფლაციაზე: ეს არის ფასების დონის გარდამავალი კორექტირება

ტაბულა

ეროვნული ბანკის დირექტორმა, კობა გვენეტაძემ, საქართველოში ბოლო 10 წელში ყველაზე მაღალ, 12.8%-იან ინფლაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. გვენეტაძემ აღნიშნა, რომ წელს ინფლაცია მაღალ დონეზე შენარჩუნდება და ეს პრობლემა არა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური პრობლემაა.

"ინფლაციასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ პროგნოზი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ადასტურებს, რომ წელს ინფლაცია მაღალ დონეზე შენარჩუნდება. ზოგადად თუ შევხედავთ, ინფლაცია საკმაოდ დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა წლევანდელ წელს, მათ შორის, მთელი მსოფლიოსთვის.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ბოლო 10 წელში საქართველოში ყველაზე მაღალი ინფლაციაა, ასევე არის აშშ-ში - 5.4%, რაც 2008 წლის მერე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ევროზონაში 3%-იანი ინფლაციაა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და დიდი ალბათობით, პროგნოზი ასეთია, რომ კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა ცენტრალური ბანკების მთავარი საზრუნავი არის ინფლაცია", - თქვა გვენეტაძემ.

გვენეტაძე ამბობს, რომ ეს არის ფასების დონის გარდამავალი კორექტირება, ინფლაცია მომავალი წლიდან დაიწყებს შემცირებას და მიზნობრივ მაჩვენებელთან ეტაპობრივად დაახლოებას, ეროვნული ბანკი კი ჯერჯერობით გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.

"ის პერიოდი, ახლა რაც გვაქვს, ეკონომიკურ ენაზე რომ ვთქვათ, არის ფასების დონის გარდამავალი კორექტირება, რომელიც ასეთ პერიოდს მოყვება ხოლმე, ეს ფაქტორები დროებითია და შემდეგ წელს, ამ ფაქტორების მილევის შემდეგ, ინფლაციამ უნდა დაიწყოს შემცირება.

უმეტეს შემთხვევაში, ეს ინფლაცია მიწოდების ფაქტორებით არის დღეს გამოწვეული, ნავთობის ფასები, პროდუქტების ფასები ისტორიულ დონეზეა და ძალიან არის გაზრდილი, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ზრდა 2019-2020 წლებთან შედარებით ძალიან კარგია, არის რისკები, რომ მოთხოვნამაც გააჩინოს ზემდეტი დაწოლა და ამიტომაც ვინარჩუნებთ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას", - ამბობს სებ-ის დირექტორი. 

საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაცია აგვისტოში ბოლო 10 წელში ყველაზე მაღალი - 12.8%-ია.

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის შესაკავებლად რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაზარდა. განაკვეთის 10%-მდე გაზრდით იმ 140 100 მომხმარებელს, რომელსაც სესხი სწორედ რეფინანსირების განაკვეთზე აქვს მიბმული, სესხი გაუძვირდა.

კომენტარები