ინფლაცია

ინფლაცია აგვისტოში ბოლო 10 წელში ყველაზე მაღალი - 12.8%-ია

Reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აგვისტოში, გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7% შეადგინა. (საბაზო ინფლაციის გაანგარიშება ხდება სამომხმარებლო კალათიდან შემდეგი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების გამორიცხვით: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ენერგომატარებლები; ადმინისტრირებადი ტარიფები; ტრანსპორტი (ცალკეული ტარიფები).

ფასები გაზრდილია სამომხმარებლო კალათის თითქმის ყველა საქონლისა და მომსახურების ჯგუფზე. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (43.9%), ბოსტნეული და ბაღჩეული (42.2%), რძე, ყველი და კვერცხი (17.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9%), პური და პურპროდუქტები (13.0%), თევზეული (11.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (11.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.3), ყავა, ჩაი და კაკაო (6.8%), ხილი და ყურძენი (5.4%);
  • ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5%-ით, რაც 2.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (32.5%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.9%);
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.6%-იანი მატება, რაც 1.75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.5%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.1%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%);
  • ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 10.9%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.85 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (17.9%), საავადმყოფოების მომსახურების (5.3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (5.0%) ქვეჯგუფებზე.

კომენტარები