არჩევნები 2021

საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცესკოც დააკვირდება

ტაბულა

საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც დააკვირდება. საქართველოს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბელარუსის საარჩევნო უწყებას 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2 რეგისტრირებული დამკვირვებელი ჰყავს. 

ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. არჩევნებს, რომლის შედეგადაც ალექსანდრ ლუკაშენკო კიდევ ერთი ვადით გახდა პრეზიდენტი, ბელარუსიში მასობრივი აქციები მოჰყვა.  

5 სექტემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ასევე დააკვირდებიან საერთაშორისო საქმეთა ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), აშშ-ს, თურქეთის, იტალიის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, ლიტვის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები