ვიეტნამი

COVID-19-ის გავრცელების გამო, ვიეტნამელ კაცს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა 

VOA

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 28 წლის ვიეტნამელ ლე ვან ტრის 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. მას ბრალად ედება კარანტინის წესების დარღვევა და COVID-19-ის გავრცელება. 

BBC-ის ინფორმაციით, მოსამართლემ ვან ტრი 8 ადამიანის "საშიში დაავადებით ინფიცირებაში"  დამნაშავედ ცნო, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. 

სასამართლოს განმარტებით, ივლისის დასაწყისში ვან ტრიმ კა-მაუს პროვინციაში ჯანმრთელობის ანკეტის შევსებისას ქალაქ ხოშიმინში მოგზაურობის ფაქტი დამალა. 

ხოშიმინში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფიცირების მაჩვენებელია და იქ მოგზაურობის შემდეგ, მოქალაქეები ვალდებული არიან, დაიცვან 21-დღიანი იზოლაციის წესი. 

ვან ტრიმ იზოლაციის წესიც დაარღვია და ოჯახის წევრებთან ერთად, თანამშრომლებიც დააინფიცირა. 

ვიეტნამის სასამართლომ მის საქმეზე განაჩენი ერთ დღეში გამოიტანა და პატიმრობის გარდა, ვან ტრის 880-დოლარიანი ჯარიმაც შეუფარდა. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივლისამდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ვიეტნამში უჩვეულოდ დაბალი იყო, თუმცა ივლისის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობა 537 000-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რაოდენობა კი 14 000-ს აღწევს. 

კომენტარები