კორონავირუსი საქართველოში

ფერაძე: შემუშავდა აპლიკაცია, რომელიც მოქალაქის COVID-სტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს

Shutterstock

შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, შემუშავდა აპლიკაცია, რომელიც QR კოდის საშუალებით მოქალაქეების COVID-სტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს. ფერაძის თქმით, აპლიკაციაში ასახული იქნება როგორც მოქალაქის აცრის სტატუსი, ასევე PCR და სწრაფი ანტიგენის ტესტების შედეგები. 

"სამინისტროს გუნდის მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია COVID-სტატუსის დადგენის მიზნით, ე.წ. COVID Pass-ის აპლიკაცია, რომელიც QR კოდის წამკითხველით ახდენს მოქალაქის COVID-სტატუსის იდენტიფიცირებას. იცით, რომ ბევრ ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენთან, ე.წ. მწვანე ზონებზე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საუბარი.

ამ აპლიკაციის მეშვეობით აბსოლუტურად გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების სრული დაცვა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება მისი ინფორმაციის დამუშავებას. აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში PCR ტესტის უარყოფით პასუხს, სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში, ასევე აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია ვაქცინაციაზე, იმ შემთხვევაში, თუ აცრილია ადამიანი და ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ აქვს გადატანილი COVID-ი". - ამბობს ფერაძე. 

ბექა ფერაძის თქმით, აპლიკაციის მოხმარების შესახებ ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური შეხვედრები დაიწყება და პირველ ეტაპზე მისი მოხმარება მხოლოდ რეკომენდაცია იქნება. 

ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 50 ადამიანი გარდაიცვალა დადასტურდა 1 965 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  3 996 ადამიანი.

7 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 340 062 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 850 868  ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.8%-ია. სრულად ვაქცინირებულია 489 194  ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 17.1%. 6 სექტემბერს აიცრა 24 262 მოქალაქე.

კომენტარები