2021 წელს გარდაცვლილები

THE WIRE-ში ომარ ლითლის როლის შემსრულებელი მაიკლ კ. უილიამსი გარდაიცვალა

Esquire

54 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი მაიკლ კენეტ უილიამსი გარდაიცვალა. The Wire-ს და Boardwalk Empire-ს ვარსკვლავი ნათესავმა საკუთარ სახლში იპოვა. პოლიციის ვერსიით სიკვდილის მიზეზი ჰეროინის ან ფენტალინის ზედოზირება გახდა.

უილიამსი ბრუკლინში დაიბადა და გაიზარდა. ჯენეტ ჯექსონის ალბომ Rhythm Nation 1814-ით შთაგონებულმა დროებით სამსახურს თავი დაანება და მოცეკვავის კარიერას მიჰყო ხელი. ითამაშა კლიპებში მადონასთან, ჯორჯ მაიკლთან და კრისტალ უოტერსთან.

პირველი როლი 1996 წელს ფილმ Bullet-ში შეასრულა. საყოველთაო პოპულარობა და კრიტიკოსების აღიარება 2002 წელს სერიალ The Wire-ში შესრულებული ომარ ლითლის როლმა მოუტანა. მოგვიანებით HBO-ს კიდევ ერთ სერიალ The Boardwalk Empire-ში განასახიერა ჩოკი უაითი. მიღებული აქვს კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.

HBO-ს სერიალი The Wire გამოსვლის დროს დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, დაბალი რეიტინგი შოუს ნაადრევი დახურვის მიზეზიც გახდა, თუმცა პოლიციურმა დრამამ დროსთან ერთად საკულტოს სტატუსი მოიპოვა. დღეს, The Wire ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სატელევიზიო პროექტად ითვლება.

კომენტარები