არჩევნები 2021

თსუ-ს და სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს ცესკოს საქმიანობაში ჩართვა შეეძლებათ

2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო პროცესში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა. 

მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტები იღებენ ვალდებულებას, რომ არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების შედეგად არსებული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტ სივრცეში განთავსების უზრუნველყოფის მიზნით, ცესკოს მიაწოდებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სტუდენტების/კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაციას. მხარეები ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების მიმართულებითაც ითანამშრომლებენ. 

ცესკოს თავმჯდომარის შეფასებით, ამ ინიციატივის შედეგად, სტუდენტები ჩაერთვებიან და გარკვეულ წვლილს შეიტანენ საარჩევნო პროცესში, ასევე, ახალგაზრდა თაობას მიეცემა შესაძლებლობა, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში მიიღოს სამუშაო გამოცდილება.

"ჩვენთვის მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, სტუდენტები დაინტერესდებიან ამ შესაძლებლობით, მნიშვნელოვანია, მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ტიპის პროექტები და ახალგაზრდა თაობის, შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის მქონე ადამიანების წახალისება,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა მემორანდუმების გაფორმების შემდგომ.

საარჩევნო კოდექსზე დაყრდნობით ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების წესი განსაზღვრა. გადაღებული ვიდეომასალა ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება. სწორედ ამ პროცესის ტექნიკურად შესრულებაში იქნებიან ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

კომენტარები