კორონავირუსი საქართველოში

ფოთისა და ხობის ეპარქია: სასულიერო პირებისგან აცრის საწინააღმდეგო მოწოდება დაუშვებელია

ფოთისა და ხობის ეპარქია

"სასულიერო პირებისგან აცრის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოსვლა დაუშვებელია". - წერს ფოთისა და ხობის ეპარქია 30 აგვისტოს გამართული სამღვდელოების კრების შემდეგ. 

ეპარქიის სამდივნოს ინფორმაციით, კრების მონაწილეებმა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიურ მდგომარეობაზე იმსჯელეს და ტაძრების წინამძღვრებს დაევალათ, ეპარქიის ეკლესია-მონასტრებში სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები და რეკომენდაციები დაიცვან. 

"კრებაზე განსაკუთრებული ხაზგასმით და მადლიერებით აღინიშნა სამედიცინო დაწესებულებათა პერსონალის ღვაწლის შესახებ, რასაც ისინი აღასრულებენ უკიდურესად მძიმე ეპიდემიურ ვითარებაში ზენორმატიული, მუხლჩაუხრელი და თავდაუზოგავი შრომის პირობებში. მსჯელობა გაიმართა მოსახლეობის აცრასთან (ვაქცინაციასთან) დაკავშირებულ მითებსა და სხვადასხვა საეჭვო (სპეკულაციური) ინფორმაციების შესახებ, რაც ადამიანებში იწვევს უსაგნო შიშებს, დაბნეულობას და უნდობლობას მედიცინის თანამედროვე შესაძლებლობათა მიმართ, რიგ შემთხვევაში კი რელიგიურ კონტექსტში აღძრავს სახიფათო მოლოდინებს.

საკითხის მიმართ მსჯელობისას გამოითქვა აზრი, რომ მედიცინის მუშაკთა და ზოგადად, მედიცინის თანამედროვე მიღწევებისადმი უნდობლობის გამოცხადება ცოდნისა და რწმენის დაპირისპირების ნიშნებს ატარებს; კაცობრიობის სულიერ-ინტელექტუალური მემკვიდრეობა კი სწორედ ამ ორი ფენომენის - რწმენისა და ცოდნის დაახლოებასა და ურთიერთაღიარებაზეა ამოზრდილი. შესაბამისად, ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია სასულიერო პირთაგან აცრის საწინააღმდებო მოწოდებებით გამოსვლა: ჩვენ, ქრისტიანები, გამოცხადების მეშვეობით რწმენისკენ ვართ მოწოდებულნი, მაგრამ ეს მოწოდება სულაც არ ნიშნავს გონების უარყოფას.

ასევე აღინიშნა, რომ არსებობს ფუნდამენტური მნიშვნელობის ისეთი საკითხები, რაშიც სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობდეს საერთო თანხმობა. უამისოდ საზოგადოება ადვილად აღმოჩნდება მოწყვლადი სხვადასხვა გამოწვევის წინაშე". - წერია განცხადებაში. 

საპატრიარქოს ოფიციოზის არც ერთ წარმომადგენელს, არც კათოლიკოს-პატრიარქი ილიას, ამ დრომდე ვაქცინაციისკენ არც პირადი მაგალითით და არც სხვა განცხადებით საზოგადოებისთვის არ მოუწოდებია. საპატრიარქო ვაქცინაციის პროცესისგან განზე რჩება და არაფერს აკეთებს მრავალი იერარქისა და მღვდლის ანტივაქსერული კონსპირაციების შესაჩერებლად.  


1 სექტემბრის დილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 553 697 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 7 482 და გამოჯანმრთელდა 497 517 პირი. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები