COVID-19-ზე ვაქცინაცია ისრაელში

ისრაელში COVID-19-ის ვაქცინის მესამე დოზის მიღება 12 წლის ზემოთ ყველას შეეძლება

The Times of Israel

კვირას, 29 აგვისტოს, ისრაელში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა 12 წელს გადაცილებული ყველა პირისთვის შესაძლებელი გახდა.

"ეს არის პრივილეგია, რომელიც ბევრ ქვეყანას არ აქვს". – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ნაფთალი ბენეტმა.

აქამდე, ისრაელში მესამე დოზით ვაქცინაცია ჯერ 60-წელს, შემდეგ 50-ს, შემდეგ 40-ს, ბოლოს კი 30 წელს გადაცილებულთათვის იყო შესაძლებელი. ამ გადაწყვეტილების მიღება COVID-19-ის დელტა შტამის გავრცელებამ გამოიწვია. 

ასევე, 1-ლი ოქტომბრიდან, ისრაელში ვაქცინაციის მოწმობას, "მწვანე საშვს" ვადა მეორე ან მესამე დოზის მიღებიდან ექვს თვეში გაუვა. მწვანე საშვი ვაქცინირებულ ადამიანს აძლევს გარკვეულ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესვლის უფლებას.

29 ივლისს ისრაელი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც COVID-19-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დასაშვები გახადა. მის მაგალითს რამდენიმე ქვეყანა მიჰყვა, მათ შორის კავკასიის რეგიონში ბუსტერ დოზით ვაქცინაცია დასაშვები გახადა აზერბაიჯანმა.

კომენტარები