არჩევნები 2021

მოსიაშვილი: დიდუბე ბევრს გასცემს და ცოტას იღებს, რადგან არ ჰყავს თვითმმართველობა

"იმის გამო, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია თვითმმართველობა, დიდუბე ძალიან ბევრს გასცემს და ძალიან ცოტას იღებს. როდესაც ვსაუბრობთ დეცენტრალიზაციაზე, უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს და რა სარგებლის მომტანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის". - საერთო ოპოზიციური კანდიდატი დიდუბეში, ნიკა მოსიაშვილი წერს, რომ დიდუბის წილი თბილისის ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს ელიავას ბაზრობას, თუმცა თვითმმართველობის არარსებობის გამო ეს ფული დიდუბელებს არ ხმარდება.

"დიდუბეს უნდა ჰყავდეს საკუთარი თვითმმართველობა, საკუთარი საკრებულო. დიდუბის ტერიტორიიდან აკრეფილი გადასახადების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა დარჩეს დიდუბეში, რომელიც მოხმარდება დიდუბეს. მხოლოდ და მხოლოდ დიდუბეს. წარმოიდგინეთ ცხოვრობთ ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე და არ მოგწონთ ელიავას ბაზრობა, საიდანაც აღებული ფულით მერია ვაკეში აკეთებს გზას და შენი უბნიდან ნაგავიც კი არ გააქვს (ვაკეს არ ვერჩი, პრინციპის უსამართლობას ვხსნი).

ასევე, შესამცირებელია საგადასახადო წნეხი და ჯამში ელიავაზე დასაქმებული ადამიანების ჯიბეში უნდა დარჩეს 160 მლნ. ლარი. ეს დამატებითი სტიმულია იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა იზრუნონ საკუთარი სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე. მინიმუმ 50 მლნ. ლარი მარტივად შეიძლება დარჩეს ყოველწლიურად დიდუბის ბიუჯეტში მხოლოდ ელიავას ბაზრობიდან. და რამდენია დიდუბეში მსგავსი ადგილი, რომელიც ფულს აგენერირებს და სრულიად უგზავნის ცენტრალურ ბიუჯეტს? ბევრი.

დიდუბე ალბათ ყველაზე მდიდარი უბანია, და მხოლოდ იმიტომ არ ეტყობა ეს სიკეთე, რომ არ ჰყავს თვითმმართველობა და სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ზემოთ ვიღაცებმა ბევრი ჭამონ. არც არსებულის დანგრევით და არც ახლის აშენებით, არაფერი შეიცვლება და ვერ მიიღებენ სარგებელს დიდუბელები, თუ თვითმმართველობა არ გვექნება და ეს დიდუბეს არ მოხმარდება". - წერს ნიკა მოსიაშვილი. 

კომენტარები