ავღანეთი

თალიბანის თქმით აეროპორტთან მომხდარ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდნენ თალიბებიც

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები
Twitter

თალიბანის თქმით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ აფეთქებას ამჟამინდელი მონაცემებით 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდნენ თალიბებიც.

დაშავებულთა შორის არიან ამერიკელი სამხედროებიც.

თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის მხარეების ცნობით, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა. 

მედიის ინფორმაციით, აფეთქებებიდან, ერთ-ერთი მაინც, თვითმკვლელი ტერორისტის ნახელავია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაიხსნება ყანდაარის აეროპორტიც, რომელიც ევაკუაციის მისიისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული.

აფეთქება მოჰყვა რამდენიმე ქვეყნის განცხადებას, რომ მათ ევაკუაციის პროცესი დაასრულეს.

გასულ დღეს, აშშ-ს საელჩომ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ქაბულის აეროპორტის ტერიტორიას გაცლოდნენ და არ გადაადგილებულიყვნენ მისი მიმართულებით. დაზვერვის ინფორმაციით, არსებობდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) თავდასხმის საფრთხე.

საელჩოს გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში არ იყო ნახსენები თუ რა საფრთხე არსებობდა აშშ-ს მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეწერა: "ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება გარემოს, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის დროს". 

გაფრთხილება მოჰყვა პრეზიდენტი ჯო ბაიდენისა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლების კომენტარებს ქაბულის აეროპორტში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებით.

კომენტარები