ენგურჰესი

თურნავა: ენგურჰესზე ტურისტული კომპლექსის პროექტს ვიწყებთ

"საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, ვიწყებთ ენგურჰესზე ტურისტული კომპლექსის პროექტის განხორციელებას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში, ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენის დროს ისაუბრა. 

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური, ენგურჰესი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით, არამედ ტურიზმისთვისაც უნიკალური ადგილია .

"იცით, რომ წლებია ვამუშავებდით ენგურჰესზე ტურისტული კომპლექსის შექმნას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული უამრავი ადამიანი მოინახულებს. წელს, პრემიერის დავალებით, გადავედით პროექტის უშუალოდ განხორციელებაზე. ენერგეტიკის განვითარების ფონდს მიღებული აქვს დავალება, გამოყოფილია საწყისი ბიუჯეტი და ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს მთლიანად საქართველოს, სამეგრელოს და რა თქმა უნდა, წალენჯიხას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ენგურჰესი, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. სადერივაციო გვირაბში ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგად გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდას. სამუშაოები, რომელიც აპრილის ბოლოს დასრულდა, კომპანია ენერგონმა შეასრულა.

რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენდა. აქედან, 7 მლნ ევროკომისიის  გრანტია, 38 მლნ  - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი, უშუალოდ გვირაბის რეაბილიტაციისთვის კი 8 მლნ ევრო გამოიყო. 

კომენტარები