კორონავირუსი საქართველოში

ქადაგიშვილი: არჩევნების გადადება წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნაა, COVID-19-ს იყენებენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ არჩევნების გადადებაზე დისკუსია არის პოლიტიკური მოთხოვნა და ოპოზიცია კვლავ პანდემიით სპეკულირებს.

"დღეს ლაპარაკი რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა, რადგან მათ არჩევნებზე გარანტირებული დამარცხება დაინახეს. ისინი ხვდებიან, რომ 2024 წლამდე ვერანაირი არეულობის და ძალაუფლების ხელში ჩაგდების სცენარი ვეღარ გათამაშდება და, გამომდინარე აქედან, დღეს ამ ბოლო ეპიდსიტუაციას იშველიებენ, რომ არჩევნები გადაიდოს". – ამბობს ქადაგიშვილი.

იქამდე, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პოლიტიკურ პარტიებს და მმართველ გუნდს მოუწოდა, რათა იმსჯელონ არჩევნების გადადების შესახებ, ვინაიდან საქართველოში ეპიდვითარება უკიდურესად მძიმეა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 288 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 924  ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 777 პაციენტი.  

24 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 523 022 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 458 265 გამოჯანმრთელდა, 6 891 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 57 840 აქტიური შემთხვევაა.

The New York Times-ის მონაცემების მიხედვით, 100 000 მოსახლეზე საქართველო კორონავირუსის გავრცელებითა და სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

კომენტარები