დასუფთავების სამსახური

"ვაცხადებ შიმშილობას" – დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს

დასუფთავების სამსახურის გაფიცვაში მონაწილე თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე, სამსახურიდან გაუშვეს - ინფორმაცია ტაბულას თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

გათავისუფლების შესახებ ბაღდავაძემ ტელეკომპანია ფორმულასთან ილაპარაკა და თქვა, რომ გადაწყვეტილება მას დასუფთავების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით გელოვანმა, გააცნო.

"უსამართლოს გამიშვეს სამსახურიდან და მე ვაცხადებ მშრალ შიმშილობას, სანამ სამართლიანობა არ აღდგება.

დათო გელოვანი გამოვიდა და ფურცელი დაიჭირა ხელში და განცხადება წაიკითხა, რომ თქვენ გათავისუფლებული ხართ სამსახურიდან, იმიტომ, რომ შენ იწვევ აქ კონფლიქტს. თვითონ ჰყავს ნაყიდი ხალხი, რამდენიმე, რომლებსაც ალაპარაკებს როგორც უნდა". – თქვა მან.

ბაღდავაძის თქმით, ის ქუჩაში რჩება ბანკის ვალითა და ქირით, რომელსაც ვერ იხდის.

6 აგვისტოს თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. აქცია რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ და შეუსაბამო სამუშაო პირობებზე საუბრობენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ მუშაობა გაუმართავი ავტომობილებითა და შეუსაბამო სამუშაო ფორმით უწევთ. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქცია ასევე გაიმართა ბათუმშიც.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილსერვისჯგუფის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. მერიაში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა მოთხოვნების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმებისა და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები. იმ თანამშრომლების მოთხოვნის საპასუხოდ, რომლებიც არსებული ხელფასის გაზრდას ითხოვენ, მერიაში ამბობენ, რომ გასული წლის დეკემბრიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები 20%-ით უკვე  გაიზარდა. 

კომენტარები