დასუფთავების სამსახური

"ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს სამართლებრივად" – ელენე ხოშტარია დასუფთავების თანამშრომლებს

პარტია დროას ლიდერი და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ელენე ხოშტარია თბილისსა და ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროტესტს ეხმაურება. ხოშტარიას თქმით, დასაქმებულებს მუშაობა შეუსაბამო პირობებში უწევთ და ეს მათი უფლებების დარღვევაა, ხელისუფლება კი მათზე ზეწოლას ახდენს. პარტია დროა ყველა მსურველს იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.

"მინდა მივმართო ყველა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს – ნუ გეშინიათ პროტესტის, ეს არის თქვენი უფლება, თქვენ იმსახურებთ, რომ ამოიღოთ ხმა უსამართლო პირობებზე და რაც მთავარია, თქვენ არ ხართ მარტო. არანაირი აზრი არ აქვს არც ოპოზიციაში ყოფნას და არც სამომავლოდ ხელისუფლებაში მოსვლას, თუ ვერ შევძელით ამ ადამიანების დაცვა. ამიტომ, პირდაპირ მინდა მოგმართოთ ყველას, თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენ დაგიცავთ, დავიცავთ თქვენს უფლებებს როგორც სამართლებრივად, ასევე ფიზიკურად, ამიტომ ეს შიში აბსოლუტურად ყველამ გადადეთ გვერდზე". – თქვა ხოშტარიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

პოლიტიკოსი მიმართავს ყველა დასაქმებულს, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში არიან დასაქმებული, არ შეეშინდეთ ხმის ამოღება და პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, პარტია დროა მათ უფლებებს დაიცავს.

"კონკრეტულად ირაკლი ბაღდავაძეს ჰქონდა მიმართვა, რომ მას სჭირდება იურიდიული დახმარება, ამიტომ გარდა ზოგადი პოლიტიკური მხარდაჭერისა, კონკრეტულად ბატონ ირაკლის და დასუფთავების სამსახურის ნებისმიერ თანამშრომელს ვთავაზობთ იურიდიულ დახმარებას. იურისტი გიგა ლემონჯავა დაიცავს ირაკლის, და ყველას, ვისიც საჭიროა, უფლებებს სამართლებრივად". – თქვა ელენე ხოშტარიამ.

6 აგვისტოს თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. აქცია რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ და შეუსაბამო სამუშაო პირობებზე საუბრობენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ მუშაობა გაუმართავი ავტომობილებითა და შეუსაბამო სამუშაო ფორმით უწევთ. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქცია ასევე გაიმართა ბათუმშიც.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილსერვისჯგუფის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. მერიაში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა მოთხოვნების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმებისა და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები. იმ თანამშრომლების მოთხოვნის საპასუხოდ, რომლებიც არსებული ხელფასის გაზრდას ითხოვენ, მერიაში ამბობენ, რომ გასული წლის დეკემბრიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები 20%-ით უკვე  გაიზარდა. 

კომენტარები