დასუფთავების სამსახური

ნონიაშვილი: მერია დასუფთავების თანამშრომლებს საჭიროებებს არ უკმაყოფილებს, დასჯით ემუქრება

გიორგი ნონიაშვილი
ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელი, გიორგი ნონიაშვილი თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვას და მათ მოთხოვნებზე თბილისის მერიის პასუხს ეხმაურება. ნონიაშვილი ამბობს, რომ მერია არათუ არ უკმაყოფილებს დასუფთავების თანამშრომლებს მოთხოვნებს, არამედ დასჯით ემუქრება მათ.

"დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაფიცულები არიან, ისინი ხელფასის ზრდას, ნაგავმზიდი ავტომობილების შეკეთებას, ურნების მოწესრიგებას, ფორმის, ფეხსაცმლის, ხელთათმანების დარიგებას ითხოვენ. ამაზე პასუხად თბილისის მერია თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მუშაობისთვის აუცილებელ საჭიროებებს არ უკმაყოფილებს და მეტიც, მათ დასჯით ემუქრება." - ამბობს ნონიაშვილი.

გიორგი ნონიაშვილი მიიჩნევს, რომ თანხა, რომელიც მერიამ 2020 წელს ვაკეში მიწისქვეშა ურნების დამონტაჟებაში დახარჯა, შეიძლებოდა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოხმარებოდა.

"მე მინდა გავახსენო თბილისის მერიას, რომ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ვაკე გამოარჩია დანარჩენი უბნებისგან და 2020 წელს თბილისის მერიამ, ჩვეულებრივი ურნებისგან განსხვავებით, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ურნები დაამონტაჟა, რაშიც 5 მილიონ ლარამდე გადაიხადა. ეს თანხა თავისუფლად შეიძლებოდა მოხმარებოდა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასის ზრდას, მაგალითად თვეში მინიმუმ 100 ლარის რაოდენობით და ასევე თავისუფლად შეიძლებოდა მოხმარებოდა მათი პირობების გაუმჯობესებას." - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი.

ნონიაშვილი აღნიშნავს, რომ ვაკეში მიწისქვეშა ურნების დამონტაჟებისთვის ტენდერი მოიგო მერიის და კახა კალაძის მიმართ ლოიალურმა კომპანიამ, რომელიც წლების განმავლობაში სწირავს ქართულ ოცნებას ფულს.

"აქვე მინდა გავახსენო ყველას, რომ, როდესაც 5 მილიონი ლარი მერიამ დახარჯა მიწისქვეშა ურნებში, რომელიც იყო ირაციონალური ხარჯი და შეიძლებოდა ბევრად უფრო იაფი დამჯდარიყო ჭავჭავაძის გამზირის ურნების მოწყობა და კეთილმოწყობა, ტენდერი მოიგო მის [მერიის] მიმართ ლოიალურმა კომპანიამ, ჯითი ჯგუფმა, რომელსაც ქართული ოცნებისთვის უკანასკნელი წლების განმავლობაში აქვს 160 000 ლარი შეწირული. ერთი მხრივ, თბილისის მერია და კალაძე გასცემს ხარჯებს, რომლებიც თავისი არსით არის ფლანგვა, იმ პირობებში, როცა ბევრად მეტი საჭიროებები გვაქვს და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მძიმე პირობებში არიან და, აი, ამ სიმდიდრეში, მიწისქვეშა ურნებში გასცემს ამ თანხებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ყველაფრით ხეირობს უშუალოდ კალაძის მიმართ ლოიალური კომპანია ჯითი ჯგუფი, რომელიც მას ფულს სწირავს, როგორც პოლიტიკურ პარტიას და ხელისუფლებას". - თქვა გიორგი ნონიაშვილმა.

6 ივლისს თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ და შეუსაბამო სამუშაო პირობებზე საუბრობენ. 

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ მუშაობა გაუმართავი ავტომობილებითა და შეუსაბამო სამუშაო ფორმით უწევთ. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.  

6 ივლისს საღამოს, თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაფიცულების ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა.  მერიაში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა მოთხოვნების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმებისა და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები.

კომენტარები