ვაქცინაცია საქართველოში

ვეკუას სკოლა: პედაგოგების 85% აცრილია, ახალი სასწავლო წლისთვის 95% იქნება

iStock

ვეკუას სკოლაში პედაგოგების 85% უკვე აიცრა. ინფორმაციას თავად სკოლა ავრცელებს. განცხადებაში ასევე წერია, რომ ახალი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის თანამშრომლების 95% სრულად ვაქცინირებული იქნება.

"სკოლის პედაგოგების 85% ვაქცინირებულია. დარჩენილი ნაწილი რეგისტრირებულია. ახალი სასწავლო წლისათვის სკოლის თანამშრომლების 95% სრულად ვაქცინირებული იქნება. დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. სკოლისათვის უმნიშვნელოვანესია სწავლა-სწავლების პროცესი საკლასო ოთახში წარიმართოს". - წერს ვეკუას სკოლა. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, "საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია". 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძეს თქმით, თუ სკოლაში პერსონალის 80% აიცრება, შესაძლებელია, დაიწყოს დასწრებული სწავლა.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო, ხოლო მასობრივი იმუნიზაცია - მხოლოდ ივლისში. ამ დროისთვის სრულად აცრილია მოსახლეობის 9.7%.

კომენტარები