ვაქცინაცია საქართველოში

მინისტრის მოადგილე: მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია

Unisef Georgia

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, "საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია". სამინისტროს ცნობით, ეკატერინე დგებუაძემ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი  სპეციალური  სივრცე დაათვალიერა. 

"ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ. 

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას" - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში  დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი. 

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო, ხოლო მასობრივი იმუნიზაცია - მხოლოდ ივლისში. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია 258 000 ადამიანი.

კომენტარები