ავიაკატასტროფა

თურქეთში რუსული სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა ყველა მგზავრი

Flickr / Pavel Vanka

თურქეთში რუსული სახანძრო თვითმფრინავი, Be-200 ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა. თვითმფრინავში სულ 8 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 5 რუსეთის მოქალაქე იყო, ხოლო 3 თურქეთის.

თვითმფრინავი სამხრეთ თურქეთში, ქალაქ ადანაში ჩამოვარდა. მას ტყის ხანძრების ჩასაქრობად იყენებდნენ. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერი ხანძრის გამო სხვადასხვა კურორტის ზონიდან ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ტურისტები სახიფათო ზონიდან თურქეთის სანაპირო დაცვის კატერებით გაიყვანეს. სანაპირო დაცვას კერძო ნავებისა და იახტების მფლობელებიც ეხმარებოდნენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთში 5 პროვინცია: ანტალია, ადანა, მერსინი, მუღლა და ოსმანიე სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

ძლიერი ხანძრები თურქეთის ტურისტულ რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის და ეგეოსის ზღვის სანაპიროებზე გაჩნდა. ხანძრებს 28 ივლისის შემდეგ ებრძვიან. 

კომენტარები