პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულოობის შესახებ თავის სიტყვებს გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, მისი ნათქვამი, რომ ვაქცინაცია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო გახდება, არასწორად გაიგეს.
"მე დღეს გამოვედი ერთ-ერთ შეხვედრაზე და, როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. მე ერთ-ერთ გამოსვლაში მოვყევი ქრონოლოგიურად, რომ ეტაპობრივად, ისე, როგორც იკეთებენ ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო აცრებს, ანალოგიურად, როგორც ჩანს, ასეთი ტენდენცია მიმდინარეობს მსოფლიოში, რომ დამკვიდრდება ყოველწლიურად ამ აღნიშნული აცრების ჩატარება და ამის მაგალითად მოვყევი, რომ ამერიკაში სექტემბრის თვეში აპირებენ ბოლო ფაზის ავტორიზაციის მინიჭებას ვაქცინისათვის და ვივარაუდე, რომ ალბათ სავალდებულო გახდება. გვაქვს ამის თაობაზე ინფორმაცია, აქეთ მიდის ყველაფერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, თითქოს მე ვთქვი, რომ ჩვენ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და აცრა იქნება სავალდებულო. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. მთავრობა ყველაფერს აკეთებს და უქმნის მაქსიმალურ კომფორტს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. ეს არის ადამიანის არჩევანი. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი და არჩევანი არის შემდეგი – არსებობს ალბათობა იმისა, რომ გართულდეს ნებისმიერ ადამიანში აღნიშნული ინფექცია". – თქვა ღარიბაშვილმა.
დღეს, 13 აგვისტოს ლაგოდეხის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ სექტემბერში, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატები Pfizer-ის ვაქცინას საბოლოოდ დაამტკიცებდა, აშშ-ში აცრა სავალდებულო გახდებოდა. შემდეგ კი დაამატა, რომ "შესაბამისად, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს".





