ლატვია-ბელარუსი

ლატვიამ ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

NURPHOTO

ლატვიის ხელისუფლებამ ბელარუსთან მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება ბელარუსიდან ლატვიაში განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით არალეგალური მიგრანტების შესვლამ გამოიწვია. 

საგანგებო მდგომარეობა სამი თვით, 11 აგვისტოდან 10 ნოემბრამდე იმოქმედებს. საგანგებო მდგომარეობა სამ რეგიონში გამოცხადდა და ამ რეგიონების სახელმწიფო უწყებები დევნილის სტატუსზე განაცხადების მიღებას წყვეტენ. მესაზღვრეებსა და სამხედროებს უფლება ეძლევათ, ძალა და სპეციალური ზომები გამოიყენონ, რათა ადამიანები, რომლებიც არალეგალურად კვეთენ საზღვრებს, ბელარუსში დააბრუნონ.

ბოლო 24 საათში ლატვიის და ბელარუსის საზღვარზე 200 ადამიანი დააკავეს, ეს 7-ჯერ აღემატება მთელი 2020 წლის განმავლობაში საზღვარზე დაკავებულთა რიცხვს.

ლიტვაში კრიზისი გამო საგანგებო მდგომარეობა ივლისის ბოლოს დაიწყო. ერთი კვირის წინ ლიტვიდან ბელარუსში საზღვრის დამრღვევთა ძალით დაბრუნება დაიწყო. 2021 წლის დასაწყისიდან 4 000-ზე მეტი არალეგალური მიგრანტი დააკავეს. ევროკავშირმა ლიტვაში საერთოევროპული სასაზღვრო სამსახურის Frontex-ის თანამშრომლები გაგზავნა, კრიზისთან გამკლავებაში ლიტვას ბალტიისპირეთის და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც ეხმარებიან.

არალეგალური მიგრანტების კრიზისი ევროკავშირის და ბალარუსის საზღვარზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ მინსკი აღარ აპირებს, "დაიცვას ევროპა" მიგრანტებისგან. ამის შემდეგ სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, ბელარუსმა მესაზღვრეებმა მიიღეს მითითება, არ შეეჩერებინათ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთონ.

კომენტარები