ბოკერიას კლინიკა სასამართლოში უჩივის ექთანს, რომელიც ანტივაქსერულ განცხადებებს ავრცელებდა

ბოკერიას სახელობის კლინიკა რეპუტაციული ზიანისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი განცხადებების გამო ყოფილ ექთანს სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს. 

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ჰოსპიტლის უკვე ყოფილი, მედძმის მხრიდან დაფიქსირდა დამსაქმებლის რეპუტაციის/იმიჯის დაკნინება და იმ კოლეგების ღირსების შელახვა, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ გამართლებულ გზად ვაქცინაციას მიიჩნევენ. ამასთანავე, აღნიშნულმა პირმა ვიდეო მიმართვა კომპანიის სახელისა და ლოგოს გამოყენებით გაავრცელა, რამაც შექმნა ცრუ წარმოდგენა, რომ დასაქმებულის მიერ კომპანიის პოზიცია გაჟღერდა. ეს წარმოადგენს პერსონალის, პაციენტებისა და მესამე პირთა შეცდომაში შეყვანას.

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა სასამართლოს სარჩელით, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული პირის განცხადებაში არსებული მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ფაქტების სიცრუედ და ცილისწამებად აღიარება არის მოთხოვნილი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის სახელით გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები არა მხოლოდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს ჰოსპიტალს, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულების სახელით გაჟღერებული ინფორმაცია საზოგადოებაში სარგებლობს მეტი ნდობით და, შესაბამისად, საჭიროებს ჰოსპიტლის მყისიერ რეაგირებას".- აღნიშნულია განცხადებაში. 

კლინიკის ცნობით, საკითხის შესწავლის მიზნით სამედიცინო ცენტრი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც მიმართავს, ვინაიდან გავრცელებულ ვიდეოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტი იკვეთება.

"ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცნობიერებს სამედიცინო დაწესებულებების როლს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში და მიიჩნევს, რომ მოსახლეობაში სწორედ მედპერსონალი ამაღლებს სანდოობას ვაქცინაციისადმი. ყველა საერთაშორისო კვლევის თანახმად სწორედ იმუნიზაციაა გამართლებული და ერთადერთი ეფექტიანი გზა პანდემიის შესაჩერებლად. აღსანიშნავია, რომ ბოლო სტატისტიკაზე დაყრდნობით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99,7 % არ იყო აცრილი. ჰოსპიტლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ სრულიად საქართველოს მოსახლეობას". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

ანტივაქსერული განცხადებების გამო ექთანი 28 ივლისს გაათავისუფლეს

თორნიკე ნონიაშვილი Facebook ლაივში ამტკიცებდა, რომ კლინიკის თანამშრომლებს ვაქცინაზე ინფორმაცია არ აქვთ და ავრცელებდა სიცრუეს, რომ ვაქცინა ადამიანს ლეტალობისგან არ იცავს. ვიდეო Facebook-მა ცრუ ინფორმაციად მონიშნა. 

კომენტარები