არჩევნები 2021

ნონიაშვილი: დაანონსებული ხელფასების ზრდა საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის შემოკრებაა

გიორგი ნონიაშვილი
ტაბულა

ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელი, გიორგი ნონიაშვილი საჯარო მოხელეებისთვის დაანონსებული ხელფასების ზრდას ეხმიანება და ამბობს, რომ ნეპოტიზმის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. 

"საჯარო მოხელეებისთვის დაანონსებული ხელფასების ზრდა, თავისი არსით ნეპოტიზმის მანქანის გაძლიერებასა და წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის შემოკრება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მოიგოს არჩევნები ამ ადამიანების გამოყენებით. ირაკლი ღარიბაშვილი არ საუბრობს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე, ამის კვალდაკვალ, სადაც ძირითადი და ძირეული პრობლემები გვაქვს, როგორც სახელმწიფო სახსრების ფლანგვის, ისევე კორუფციის". –ამბობს ნონიაშვილი. 

ნონიაშვილი ბიუროკრატიულ ხარჯებზე საუბრობს და იმ უწყებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც, მისი თქმით უსარგებლოა. 

"მაგალითად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ჰყავს საბიუჯეტო ორგანიზაცია, სულიერების ცენტრი, რომელსაც ყოველწლიურად ვაფინანსებთ 225 ათასი ლარით და ამ ცენტრის ფუნქცია არის აფხაზური საზოგადოების სულიერი განვითარება. ასევე კაცობრიობის სულიერ და მატერიალურ ფასეულობათა პროპაგანდა. სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების ღონისძიებების შემუშავება. აი, ამას ვაფინანსებთ. 

ასევე ვაფინანსებთ კურენციის სააგენტოს, რომელიც წელიწადში გვიჯდება 2 მილიონი ლარი და მას არანაირი ფუნქცია არ გააჩნია. სამი წლის განმავლობაში პურის ფასის დადგენას ცდილობდნენ და ვერ დაადგინეს. ამასთან ერთად უწყებაში მომუშავე ადამიანების რიცხვი არ გაზრდილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი ბიუჯეტი მაინც იზრდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 300-400 ათასი ლარით გაიზარდა.  ასევე გვაქვს მოსავლის მართვის კომპანია და კიდევ ათობით უწყება, რომელიც შეიძლება თავისუფლად გაუქმდეს და ეს ბიუროკრატიული ხარჯები გამოთავისუფლდეს იმისთვის, რომ ადამიანის საჭიროებებს მოხმარდეს". – ამბობს ნონიაშვილი. 

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2022 წლის იანვრიდან იგეგმება  საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდას. 

"გავზრდით მერების ხელფასებს, პრაქტიკულად, გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი, წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს 2 000 ლარად და ემსახუროს ქუთაისს, ბათუმს და ხელფასი ჰქონდეს 2 000 ლარი. ისევე როგორც ზოგადად სხვა საჯარო მოხელეების ხელფასებს". – თქვა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები