2021 წელს გარდაცვლილები

რუსი უფლებადამცველი და დისიდენტი, სერგეი კოვალევი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

სერგეი კოვალევი
RFE/RL

რუსი უფლებადამცველი და დისიდენტი, სერგეი კოვალევი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Эхо Москвы კოვალევის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი კოვალევმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, ის ბიოლოგიის მეცნიერების დოქტორი იყო და ცხოვრების მანძილზე 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა. 1969 წელს კოვალევი "სსრკ-ში ადამიანის უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის" წევრი გახდა. ეს საბჭოთა კავშირში პირველი დამოუკიდებელი უფლებადამცველი ასოციაცია იყო. ორი წლის შემდეგ კოვალევი აქტიურად ჩაერთო საბჭოთა უფლებადამცველების ფარული ბიულეტენის "მიმდინარე მოვლენების ქრონიკა" გამოცემაში.

1974 წელს სერგეი კოვალევი ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით დააკავეს. მას 7 წლით პატიმრობა და 3 წლით გადასახლება მიუსაჯეს. 1987 წლისთვის კოვალევი მოსკოვში დაბრუნდა.

1990 წელს ის რსფსრ-ს დეპუტატი გახდა, ხოლო 1993-2004 წლებში უკვე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. სერგეი კოვალევი რუსეთის ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციის და რუსეთის კონსტიტუციის მეორე თავის თანაავტორი იყო.

კოვალევი ასევე იყო საზოგადოება მემორიალის წარმომადგენელი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტად გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს კოვალევი საჯაროდ აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას და ყირიმის ანექსიას "კრემლის ავანტიურას" ეძახდა.

კომენტარები