ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: მერე რა, რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი?

"მერე რა, რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი?".- ასეთ პასუხს იძლევა პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას, რომ 7 აგვისტოს ხალხმრავალ სუფრაზე იმყოფებოდა. 

ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის პატივსაცემად გამართულ სუფრაზე იყო, სადაც კოვიდრეგულაციები დაცული არ ყოფილა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ეპიდსიტუაციის გართულება არაერთხელ დააბრალა ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებს. 

"მე ვიტყოდი, სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ის, რაც მოხდა, ამ აქციების შემდეგ მოხდა ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება" - ამბობდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი 26 ივლისს.

საკოორდინაციო საბჭომ მოსახლეობას ბევრჯერ მოუწოდა ხალხმრავალი სუფრების, ქელეხებისა და ქორწილებისგან თავის შეკავებისაკენ. 

"იმის ნაცვლად, რომ წავიდეთ დღეს ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ". - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 27 ივლისს. 

"არ მესმის, შენს ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე!". - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ. 

აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ვაქცინირებული ამ დრომდე არ არის. 


8 აგვისტოს, კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა,  დადასტურდა 3 344 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 376 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 11.96%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.62% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.64%

კომენტარები