ზურაბ დათუნაშვილი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ზურაბ დათუნაშვილს: ბრავო, ოსტატო!

სერბი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ქართველ სპორტსმენს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ტოკიოს ოლიმპიადაზე მედლის მოპოვებას საკუთარ Instagram გვერდზე ულოცავს.

"ბრავო, ოსტატო!". – წერს ჯოკოვიჩი დათუნაშვილზე, რომელმაც ოლიმპიადაზე სერბეთის სახელით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


2019 წლის იანვარში, საქართველოს ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დაესხა თავს. ქვეყნის დატოვების მიზეზი სწორედ ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა. 

თავდასხმის ფაქტზე გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ხუთიათასლარიანი გირაოთი გათავისუფლდა. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძესთან დაპირისპირების მიზეზი ის კორუფციული ფონია, რომელიც ჭიდაობის ფედერაციაშია შექმნილი. 

ინციდენტის შემდეგ, ზურაბ დათუნაშვილი ამბობდა, რომ სპორტული კარიერის გაგრძელების ერთადერთი საშუალება ქვეყნის დატოვება იქნებოდა. 2019 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დათუნაშვილი მოლაპარაკებებს სერბეთის ჭიდაობის ფედერაციასთან მართავდა. 

აგვისტოში დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მის სერბეთში გადასვლას გეგეშიძე აქტიურად უშლიდა ხელს. სერბეთის სახელით ასპარეზობის გაგრძელების შესახებ ცნობილი გახდა სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუდან.

კომენტარები