შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

ხვადაგიანი მუზეუმზე: განცდა გვრჩება, რომ უკანა ეზოში ხელს უშლით ეს შენობა, რეალური საფრთხეა

ტაბულა

"ყველა მიზეზი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ამ შენობას და მასში დაცულ საგანძურს საფრთხე ემუქრება. ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. მე არც მეგონა, რომ საყდრისის აფეთქება შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს მოხდა" – თქვა თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან გამართულ აქციაზე.

"როდესაც ამ მუზეუმზე ჯერ ამბობენ, რომ არარენტაბელურია, როგორ შეიძლება იყოს მთავარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არარენტაბელური. ვინც კი კითხვა დასვა ევაკუაციის გეგმასთან დაკავშირებით, ისინი "ჩამოალაბორანტეს", დააქვეითეს. პროცესი არ არის საჯარო, არ არის გამჭვირვალე. უკან შუშის შენობას აშენებენ და ისეთი განცდა გვრჩება, რომ უკანა ეზოში ხელს უშლით ეს შენობა. ეს არის რეალური საფრთხე და ძალიან ლეგიტიმურია პროტესტი და ადამიანების შიში". – თქვა ხვადაგიანმა.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

2021 წლის 4 ივლისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საგანგებო განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი შენობის ავარიულობა და განთავსებული ექსპონატების დაუცველობაა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მისი ჩამოყალიბებისთანავე, 2021 წლის აპრილში, დაიწყო ზრუნვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და, საბოლოოდ, იმ მუზეუმის აღდგენაზე, რომელშიც საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა 80%-ზე მეტია თავმოყრილი. სამინისტრომ ზრუნვა შენობის ავარიულობის შეფასებით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ გასცემს შენობის დემონტაჟის რეკომენდაციას და საერთოდაც, არ საუბრობს ამ ზომის აუცილებლობაზე. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ რიგი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. ამ განცხადების შემდეგ ხელოვნების მუზეუმის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, თუმცა კულტურის, სპორტისა და განათლების სამინისტრო არაფერს ამბობს პოტენციური რესტავრაციის შესახებ და იწყებს მუზეუმის დაცარიელებას. 30 ივლისს საევაკუაციო სამუშაოებს ჩამოაშორეს ხელოვნების მუზეუმის მმართველის, ეკა კიკნაძის გუნდი, თვითონ კიკნაძე კი მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე ჩამოაქვეითეს.

კომენტარები