შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის გადასარჩენად – ხელოვნების მუზეუმთან აქცია მიმდინარეობს [LIVE]

ტაბულა

ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის გადასარჩენად – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

"ექვთიმეს გადარჩენილს თვითმარქვია ექვთიმე ანგრევს. გუშინ საყდრისი. დღეს ხელოვნების მუზეუმი. რა იქნება ხვალ? ეროვნულ მემკვიდრეობას თუ ვერ დავიცავთ, შთამომავლობა არ გვაპატიებს". – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

2021 წლის 4 ივლისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საგანგებო განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი შენობის ავარიულობა და განთავსებული ექსპონატების დაუცველობაა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მისი ჩამოყალიბებისთანავე, 2021 წლის აპრილში, დაიწყო ზრუნვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და, საბოლოოდ, იმ მუზეუმის აღდგენაზე, რომელშიც საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა 80%-ზე მეტია თავმოყრილი. სამინისტრომ ზრუნვა შენობის ავარიულობის შეფასებით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ გასცემს შენობის დემონტაჟის რეკომენდაციას და, საერთოდაც, არ საუბრობს ამ ზომის აუცილებლობაზე. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ რიგი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. ამ განცხადების შემდეგ ხელოვნების მუზეუმის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, თუმცა კულტურის, სპორტისა და განათლების სამინისტრო არაფერს ამბობს პოტენციური რესტავრაციის შესახებ და იწყებს მუზეუმის დაცარიელებას. 30 ივლისს საევაკუაციო სამუშაოებს ჩამოაშორეს ხელოვნების მუზეუმის მმართველის, ეკა კიკნაძის გუნდი, თვითონ კიკნაძე კი მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე ჩამოაქვეითეს.

კომენტარები