ბელარუსი

ბელარუსში ორი ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო პროცესი დაიწყო

მარია კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი
Getty Images

ბელარუსში ორი ოპოზიციონერი ლიდერის – მარია კოლესნიკოვასა და მაქსიმ ზნაკის სასამართლო პროცესი დაიწყო. კოლესნიკოვასა და ზნაკს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებისა და ექსტრემიზმის ორგანიზებისთვის წარედგინათ ბრალი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კოლესნიკოვა და ზნაკი ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრები არიან.

მარია კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. ზნაკი 9 სექტემბერს სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა ნიღბიანმა პირებმა დაიჭირეს. მას ბრალი დასდეს ისეთი საჯარო მოწოდების გავრცელება, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროსთვის ზიანის მიყენებას.

კოლესნიკოვა 7 სექტემბერს გაუჩინარდა. თვითმხილველთა ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანები კოლესნიკოვასთან მივიდნენ და ძალის გამოყენებით აიყვანეს მიკროავტობუსში, რომელსაც ეწერა "Связь". მიკროვატობუსი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კოლესნიკოვა 8 სექტემბერს ბელარუსისა და უკრაინის საზღვრის გადაკვეთის დროს დააპატიმრეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარია კოლსენიკოვამ თავისი პასპორტი დახია, რათა უკრაინაში მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო. დაკავების შემდეგ მას ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისათვის ბრალი წარუდგინეს.

23 იანვარს მინსკის სასამართლომ ბელორუს ოპოზიციონერს, მარია კოლესნიკოვას, წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივა, ხოლო თებერვალში ზნაკს და კოლესნიკოვას ბრალდებები დაუმძიმეს და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულების და ექსტრემიზმის ორგანიზების ბრალდებები წაუყენეს.


2020 ივლისში მარია კოლესნიკოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და ვერონიკა ცეპკალოსთან ერთად გახდა ბელარუსის ოპოზიციის სამი ლიდერიდან ერთ-ერთი. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტიხანოვსკაია და ცეპკალო იძულებულები გახდნენ, ბელარუსი დაეტოვებინათ.

არჩევნების შემდეგ კოლესნიკოვა ბელარუსში დარჩა და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი თავმჯდომარე გახდა. ბელარუსის ხელისუფლებამ საბჭოს შექმნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები